კვირკველია ბელა ვენედის ასული
კვირკველია ბელა ვენედის ასული

კვირკველია ბელა ვენედის ასული (10.I.1958, გალი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1980).  სხვადასხვა წლებში მუშაობდა სამეცნ.-საწარმო გაერთიანება „მიონ“-ში; სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტში; საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში; იყო სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვ., სადისერტაციო საბჭოს წევრი. მუშაობს თსუ-ში, ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის კათედრაზე (1992-დან); თსუ-ის ნივთიერებათა კვლევის სამეცნ-კვლ. ინ-ტში (2009-დან); არის აკად. ნ. კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: ’’ „A3B5 ტიპის ნახევარგამტარული შენაერთების და მათი მყარი ხსნარების ზოგიერთი ელექტრული თვისებების გამოკვლევა დასხივებამდე და დასხივების შემდეგ“ (2015). კ. ბ.-ს სადისერტაციო და სამეცნ. ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ნახევარგამტარებში რადიაციული მოვლენების გამოკვლევას. არის 60-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. მათ შორის: „Phenomenon of mutual compensation of radiation donors and acceptors and creation of radiation-resistant materials“ (Journal of Electrical Engineering, David Publishing Company, 2014, V.2, N4, pp.187-192); „Carriers mobility of InAs-and InP-rich InAs-InP solid solutions irradiated by fast neutrons“ (AIP Conference Proceedings, 2013, V. 1566, Issue 1); „Electrical Properties of InP Crystals with Inhomogeneities Regions“ (Acta Physica Polonica A, 2012, V.121, Issue 1, P.27-29). ასევე ავტორია ორი მონოგრაფიის; ორი პატენტის ავტორი და თანაავტორი. პუბლიკაციები გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ რეფერირებად საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. არის მრავალი  სამეცნ. საერთაშ. კონფერენციის მომხსენებელი (აშშ, შვეიცარია, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, ინგლისი, კანადა, ავსტრია და სხვ.); მრავალი სერტიფიკატის, მათ შორის - საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოს მფლობელი; გავლილი აქვს საერთაშ. ტრენინგ-კურსები „ტექნოლოგიების ტრანსფერში“; იყო 20 საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. პროექტის ხელმძღვ.; კოორდინატორი; მენეჯერი და მონაწილე. მისი სამეცნ. ინტერესებია: რადიაციული ფიზიკა; ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკა; ნახევარგამტარების ტექნოლოგია და მასალათმცოდნეობა; ფიზიკის მეთოდები ეკოლოგიაში. მოპოვებული საერთაშ. და ეროვნ. გრანტების საფუძველზე შექმნილია უნიკალური ანალიტიკური ლაბორატორია, რ-იც აღჭურვილია უახლესი და უზუსტესი აპარატურით.

თხზ.: კვირკველია, ბ. (თანაავტორი). (2013). ქიმიური და სხვა ლაბორატორიის ტექნიკური ასისტენტის დამხმარე სახელძღვანელო. [თბ.], 2013, ISBN: 9789941063237; კვირკველია, ბ. (თანაავტორი). (2024). ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის რადიოეკოლოგიური დახასიათება: მონოგრაფია. თბ., უნივერსალი, 2024, ISBN: 9789941339448.