-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
კვინიკაძე გურამ პროკოფის ძე (16.XII.1932, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჯიხაიში), მათემატიკოსი და პედაგოგი, თსუ-ის დოცენტი (1968), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1964). დაამთავრა: ქ. ზესტაფონის რკინიგზის საშ. სკოლა, ოქროს მედლით (1949), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (1954), თსუ-ის ასპირანტურა, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების სპეციალობით (1954-1957). იყო საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლითი ცენტრის დრეკადობის თეორიის განყ-ების მეცნიერ-თანამშრომელი (1957–1964), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის მათ. ანალიზის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1964-1968), ფაკ-ტის დიფერენციალური განტოლებებისა და მათ. ფიზიკის კათედრის დოცენტი (1968–2007). ის იკვლევდა დრეკადობის ბრტყელი თეორიის მათ. ამოცანებს და ამ მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბიჰარმონიულ ამოცანას. ამ მიმართულებით მიღებულ შედეგებს გარკვეული გამოყენება აქვს დრეკადი რხევის თეორიაში. ის თსუ-ში ხანგრძლივი პედ. მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციათა კურსებს მათ. ანალიზში, უმაღლეს მათ., ალბათობის თეორიაში, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში, მათ. ფიზიკაში, დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებებში. ამ ლექციების საფუძველზე შეადგინა მათ. ფიზიკის ამოცანათა კრებული (ნაწ. I და II). წლების განმავლობაში იყო მექან.-მათ. ფაკ-ტის სტუდენტთა სამეცნ. წრის ხელმძღვ., მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველ მათემატიკოსთა მრავალი თაობის აღზრდაში.
თხზ. კვინიკაძე, გ. (1997,2004). მათემატიკური ფიზიკის ამოცანათა კრებული: ნაწ. I ნაწ. II., უნ-ტის გამ-ბა.