კვესელავა მიხეილ ალექსანდრეს ძე
კვესელავა მიხეილ ალექსანდრეს ძე

კვესელავა მიხეილ ალექსანდრეს ძე (27. V. 1913, დაბა მარტვილი - 05. XII 1981 თბილისი). ლიტერატურათმცოდნე, საქართვ. სსრ მეცნ. დამსახ. მოღვაწე, მწერალი და პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1936). მონაწილეობდა სსრკ–გერმანიის ომში (1941–1945). მან გაიარა ბრძოლის რთული და გრძელი გზა. კ. მ., როგორც პროფესიონალი გერმანისტი და თარჯიმანი მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში. მოგვიანებით  მან ასახა  ეს გავლი გზა თავის ტრილოგიაში - "ას ერგასის დღე". ომის შემდგომ კ. კ.-მ. განაგრძო საზ., სამეცნ. და პედ. მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, უცხოეთის ქვეყნებთან კულტ. ურთიერთობის საზ. თავ-რე, უცხო ენათა პედ. ინ-ტისა და თეატრ. ინ-ტის რექტორი და სხვა. ,,ფაუსტური პარადიგმები’’ იყო კ. მ.-ს სადოქტორო დისერტაცია, რ-იც ორტომეულად დაისტამბა (1961). ნაშრომი კვლევას წარმოადგენდა არა მხოლოდ შუა საუკუნეებს გერმ. ლეგენდიდან მოყოლებული გოეთეს, მალროს, თომას მანის და სხვათა ნაწარმოებებში, არამედ ბევრ სხვა ნაწარმოებშიც, სადაც ეს თემა შეფარვით ჟღერს. გაანალიზებული იყო ბევრი ისეთი თანამედროვე ავტორი, რომელთა შესახებ ჩვენს ქვეყანაში კვლევა არ არსებობდა. ის ავტორებიც, რ-იც მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყო ქართვ. მკითხველისთვის სრულიად განსხვავებული რაკურსით იყვნენ წარმოდგენილი. განსაკუთრებით საინტერესოა კ. მ.-ს კვლევა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. კ. მ.-ს ბოლო წიგნია ,,პოეტური ინტეგრალები’’ (1977), რ-იც გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას ეძღვნება. იგი სიცოცხლის ბოლომდე იყო თსუ-ის პროფესორი, პედაგოგი (1963-1981). კ. მ-მა მდიდარი სამეცნ. და ლიტ. მემკვიდრეობა დაგვიტოვა. იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო მედლებით: "ვენისა“ და "ბუდაპეშტის აღებისთვის", "გერმანიაზე გამარჯვებისთვის", "მხედრული მამაცობისთვის"; სამამულო ომის II ხარისხის, საპატიო ნიშნისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით (ორ ჯერ). 

თხზ.: კვესელავა, მ. (1953). ბულგარული ლიტერატურა. თბ., საბჭ. მწერალი; კვესელავა, მ. (1956). ადამ მიცკევიჩი : ცხოვრება და შემოქმედება. თბ., სახელგამი;  კვესელავა, მ. (1961). ფაუსტური პარადიგმები: წ. 1- 2. თბ., საბჭ. საქართველო.  

ლიტ.: კვესელავა მიხეილ ალექსანდრეს ძე: თბილისი: ენციკლოპედია. თბ., 2002, გვ.592; კვესელავა მიხეილ ალექსანდრეს ძე: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 4. თბ., 2018, გვ. 664.