კვატაია მანანა ერმალოზის ას
კვატაია მანანა ერმალოზის ას

კვატაია მანანა ერმალოზის ას (08.II.1958, ქ. ხარაგაული), ფილოლოგი, მთარგმნელი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1985), ფილოლოგიის დოქტორი (2007), კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის წევრი (GCLA, 2010-დან). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1980), საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1984). არის თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1984-დან) და სოხუმის სახელმწ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2025-დან), სხვადასხვა წლებში იყო თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. დასავლურ ენათა და კულტურათა უნ-ტის დოცენტი (1993-2006), სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2008-2024). კ. მ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს XIX-XX ს. მწერლობის, თანამედროვე ლიტ. პროცესების კვლევას, ემიგრანტული ლიტერატურის შესწავლას, გამოჩენილ თეორეტიკოსთა თხზულებების თარგმნას, წვლილი მიუძღვის კლასიკოსი მწერლების მემკვიდრეობის გამოცემაში. კერძოდ, მან შეისწავლა ი. ჭავჭავაძის ეპისტოლური მემკვიდრეობა, გამოავლინა მწერლის ახალი პირადი წერილები, რ-იც გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის აკად. 20-ტომეულის XVII ტომში (2012), იგი ასევე არის ერთ-ერთი შემდგ. ა. წერეთლის აკად. ოცტომეულის X ტომისა (2015). კ. მ. არის თანაავტორი  კრებულებისა: „მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (ნაწ. II, III, IV; 2020, 2021, 2025); „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ (წიგ. I, II; 2016, 2018). კ. მ. არის მთარგმნელი რამდენიმე ენიდან. მან გერმანულიდან თარგმნა და გამოაქვეყნა ვ. ნოზაძის უცნობი თხზ. „პარალელები ნიბელუნგებსა და ქართულ ეპოსს შორის“ (2004). ასევე, გერმანულიდან თარგმნა გრ. რობაქიძის „დემონი და მითოსი“ (2012), „Pro domo sua” (2012), რუსულიდან კი – „პორტრეტები“ (2012) და „ომი და კულტურა“ (2014) (ნ. ორმოცაძესთან ერთად). კ. მ.-ს ეკუთვნის თ. ელიოტის, ჯ. სანტაიანას, ა. მორუას, მ. ბიუტორის, ალენის, ჟ. ლაკანის, ნ. საროტის, ი. ბორგენისა და სხვა ცნობილი თეორეტიკოსების ნაშრომების ქართ. თარგმანები.  

თხზ.: კვატაია, მ. (თანაავტორი). (2013). კვალი ქართული კულტურის ისტორიაში. ვიკტორ ნოზაძე - 120 (საიუბილეო კრებული). ლიტერატურის ინ–ტის გამომც., ISBN 978-9941-0-62-38-4; კვატაია, მ. (თანაავტორი). (2019). სტალინის იდეოლოგემა და მითოლოგემა ქართულ საბჭოთა და ემიგრანტულ ლიტერატურაში, ნაწილი I. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-994148-557-2.