კვარაცხელია გუჩა შალვას ასული
კვარაცხელია გუჩა შალვას ასული

კვარაცხელია გუჩა შალვას ასული (2. X. 1940, ქ. თბილისი — 23. VI. 2021), ენათმეცნიერი, მეცნიერი, დრამატურგი, პოეტი, თანამდებობის პირი. დაამთავრა თბილ. ილია ჭავჭავაძის სახ. 23-ე საშ. სკოლა (1958). განათლება მიიღო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე, ქართველურ ენათა მიმართულებით (1958-1963), იყო ასპირანტი საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერებათა ინ-ტში (1963-1966). კ. გ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეტყველების სტილის სტატისტიკური ანალიზი“ (1968). იყო არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის უმცროსი (1967-1970) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1970-1989), ა. ს. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინს-ტის ქართ. ენის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1970-1977), ამავე ინ-ტის ქართ. ენის კათედრის დოცენტი (1978-1988). გახდა ქართ. ენის კათედრის პროფესორი (1988-1994). მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სამეცნიერო და საგაზეთო-პუბლიცისტურ სტილთა ფუნქციური სისტემები“ (1986). კ. გ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციას იკავებდა არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინს-ტში (1989-1993). იყო ამავე ინ-ტის დირექტორი (1993-2006). მუშაობდა ზოგადი ენათმეცნ. განყ-ბის გამგის მოვალეობის შემსრულებლად (2002-2006), მთ. მეცნიერ-თანამშრომლად (2006-დან). დაინიშნა საქართვ. რესპ. განათლების მინისტრად (1992). იყო არაქართველთათვის ქართ. ენის სწავლების სამეცნ.-კვლ. ლაბორ. გამგე (1993-1994), ქართ. ენის კათედრის გამგე (1989-1994). იყო თსუ-ის ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნ. კათედრის პროფესორი (1999-2006). ასრულებდა აკადემიკოს-მდივნის მოვალეობას საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიაში, ენის, ლიტ-რისა და ხელოვნების განყ-ბაში (2005-დან). მთ. მეცნიერ-თანამშრომელი იყო სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (2006-დან). გარდა მეცნ. საქმიანობისა. კ. გ. ასევე ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. ავტორია არაერთი პოეტური კრებულისა და დრამატურგიული ნაწარმოებისა. მას გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. კ. გ. იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი  (2005-დან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (2001-2013).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კვარაცხელია, გ. (1987). უფრო მაღალი ცა, ლექსები. მერანი; კვარაცხელია, გ. (1990). ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა. უნ-ტის გამ-ბა; კვარაცხელია, გ. (1981). საით მიემართება დრო. ნაკადული; კვარაცხელია, გ. (1995). მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები. უნ-ტის გამ-ბა.