-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
კვანტალიანი ლეილა მიხეილის ასული (6. VII. 1931, ქუთაისი — 10. I. 2011, თბილისი. დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე) ენათმეცნიერი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის ქალთა მეორე საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1949), ქუთაისის პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1953). იყო სტალინის სახ. სტიპენდიატი. მუშაობდა ქუთაისის პედ. ინ-ტში ფილოსოფიის კათედრაზე ლაბორანტად (1953-1958), ქართ. ენის კათედრაზე (1958-1960). იყო ქართ. ენის კათედრის ასისტენტი (1960-დან), მასწავლებელი (1964-1967), უფრ. მასწავლებელი (1967-1973), ეკავა დოცენტის თანამდებობა (1974-1976). საკანდიდატო მინიმუმის წესით დაამთავრა ასპირანტურა ქართ. ენის განხრით თსუ-ში (1963). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მისამართი სიტყვისა და მიმართებითი ნაცვალსახელის შეთანხმება ქართულში“ (1973). კ. ლ. კითხულობდა ფილოლ. და ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტებზე ახ. ქართ. ენის მორფოლ. და სინტაქსის კურსებს (1964-დან). მუშაობა დაიწყო არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბაში უფრ. მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე (1976-დან), იყო ამავე ინ-ტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1997-2006). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰიპოტაქსი სასაუბრო ქართულში“ (1997).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კვანტალიანი, ლ. (1990). ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები. მეცნიერება; კვანტალიანი, ლ. (2009). სილოვან ხუნდაძის გრამატიკული ნაშრომები. უნივერსალი; კვანტალიანი, ლ. (2016). ქართული ენის სინტაქსის შესწავლის ისტორია (XVII-XX სს. 30-40-იანი წლები). უნივერსალი.