კვანტალიანი ელიდა დავითის ასული
კვანტალიანი ელიდა დავითის ასული

კვანტალიანი ელიდა დავითის ასული (08.VIII.1945, გორი-20.XII.2024, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. დაამთავრა თსუ (1968), იყო ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1995), თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დეკანი (1999-2005), იკავებდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის მოწვეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობას (2009-2024). კ. ე.-ს დეკანობის პერიოდში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე, რ-იც ტრადიციულად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენებისა და კულტურის, ისტორიის სწავლება-კვლევაზე იყო ორიენტირებული, გაიხსნა შორეული აღმოსავლეთის (იაპონისტიკა, სინოლოგია) მიმართულების პირველი საგანმან. პროგრამები. კ. ე. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თურქ. ენის გრამატიკას, თურქულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობებს, სათარჯიმნო პრაქტიკუმს, თურქულიდან ქართულად და ქართულიდან თურქულად  თარგმნის თეორიასა და პრაქტიკას. მისი  კვლევის სფერო გახლდათ - თურქ. ენის გრამატიკა, ლექსიკოგრაფია. ყურადრებას იმსახურებს კ.ე.-ის თურქ. ენის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები.

თხზ.: კვანტალიანი, ე. (2003). სავარჯიშოების კრებული თურქულ ენაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კვანტალიანი, ე. (2003). თურქული ქრესტომათია ლექსიკონით. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კვანტალიანი, ე. (2009). თურქული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კვანტალიანი, ე. (2010). ქართულ-თურქული ლექსიკონი. თბ.; კვანტალიანი, ე. (2011). თურქულ- ქართული სავარჯიშოების კრებული. თბ., ჰოროსი, XXI; კვანტალიანი, ე. (2014). თურქული ენის სავარჯიშოების კრებული (გრამატიკის მოკლე კურსით),თბილისი, 2014; კვანტალიანი, ე. (2014). ქართულ-თურქული ლექსიკონი. თბ., ინტელექტი; კვანტალიანი, ე. (2016). თურქულ-ქართული ლექსიკონი. თბ., ინტელექტი.