კვაჭანტირაძე მანანა ფილიპეს ას
კვაჭანტირაძე მანანა ფილიპეს ას

კვაჭანტირაძე მანანა ფილიპეს ას (08.II.1950, ქ. თბილისი), ფილოლოგი, კრიტიკოსი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1980), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1997), კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის წევრი (GCLA, 2010-დან). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1971) და საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1975), ასევე, თბილ. მე-2 მუს. სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით (1968). არის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (1976–დან), შემდეგ კი ქართ. ლიტ-რის განყ-ბის ხელმძღვ. (2006), თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2017-იდან), საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2022-დან). სხვადასხვა დროს იყო XX ს. ქართ. ლიტერატურის განყ-ბის ხელმძღვ. (2000-2006), თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (1994-1995, 2003-2007), საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2009-2016) და „კავკასიური სახლის“ კავკ. ლიტერატურის სექტორის ხელმძღვ. (1993-1994). არის ლიტ. კონკურსების „მუზა“ და „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია“ ჟიურის წევრი და თავ-რე. კ.მ. იკვლევს თანამედროვე მწერალთა შემოქმედებას, მხატვრული ენის ბუნებას, ტექსტის აღქმისა და შეფასების თავისებურებებსა და მის ფარულ მხარეებს.  გამოიცა ლიტერატურათმცოდნეობითი ნარკვევი ,,მე ჩემს საკუთარ შენობას ვაგებ“, რ-იც იკვლევს მწერალ გ. გეგეშიძის პროზის მსოფლმხედველობრივ და მხატვრულ-ესთეტიკურ თავისებურებებს (1991). გამოქვეყნდა სამეცნ. მონოგრაფია ,,ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემის სემიოლოგიური ასპექტები“, სადაც მწერლის რომანების მაგალითზე შესწავლილია ინფორმაციის კოდირების პროცესი მხატვრულ ლიტ-რაში: ნიშანთა შეკავშირების, მათი პერესემანტიზაციისა და კონოტაციური დონის გაღრმავების გზები და ხერხები; იზომორფულ ნიშნობრივ სტრუქტურათა ინვარიანტები, მსხვილი სემანტიკური ბლოკების შექმნისა და დაკავშირების პროცესები; დახასიათებულია ტექსტის ფენოვანი სტრუქტურა, დონეები; დისკურსის, მხატვრული ფიგურების, მეტაფორის ჰერმენევტიკული და გამომსახველობითი ასპექტები, მოკლედ, ის მოვლენები, რ-ებიც მონაწილეობენ არა მხოლოდ ინდივიდუალური მხატვრული ენისა და სტილის  ჩამოყალიბებაში, არამედ ზოგადად ენის, როგორც ცნობიერების სიმბოლური ფორმის მოქმედების მექანიზმის მუშაობაში (1999). მონოგრაფიაში ,,ვექტორები“ შესული ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები გამთლიანებულია კვლევის სემიოლოგიური მეთოდით და მოიცავს სტატიებს თანამედროვე სემიოტიკის პრობლემებზე, მხატვრული ტექსტების სემიოლოგიური კვლევის სპეციფიკაზე, გამეორების ფენომენზე, ,,ახალი ისტორიზმის“ მეთოდ. ხარვეზებზე,  პარადოქსისა და ნონსენსის მხატვრულ ფუნქციაზე გარდამავალ ეპოქებში (2013). წიგნში, ასევე, გაანალიზებულია XIX და XX ს.  ქართვ. მწერალთა შემოქმედების ცალკეული ასპექტები, მათი მხატვრული ენის თავისებურებები. კ. მ.-ს რედაქტორობით გამოცემულია 20-მდე სამეცნ. მონოგრაფია და სამეცნ.-კრიტიკული კრებული, მათ შორის აღსანიშნავია სერია „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (წიგ. I, II, III, IV; 2016, 2020, 2021, 2025); იგი ასევე  არის ჟურნ. „კრიტიკის“ რედაქტორი (2005-დან). სხვადასხვა დროს იყო შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტთან არსებული სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი (1998-2006),  ქართ. ლიტერატურის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2000-2006) და თავ-რის მოადგილე (2006-დან). მიღებული აქვს გრ. კიკნაძის სახ. პრემია (2015), გაზ. „კავკასიონის“ ყოველწლიური ლიტ. პრემია (1994), საქართვ. მეცნ. აკად. საპატიო სიგელი მეცნ. განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2017), საქართვ. განათლების, მეცნ. და ახალგაზრდობის სამინისტროს მადლობის სიგელი ქართ. ენის დაცვა-განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2025).

თხზ.: კვაჭანტირაძე, მ. (2001). წერილები ლიტერატურაზე. თბ.; კვაჭანტირაძე, მ. (2005). გამეორება. ეროვნული მწერლობა, ISBN  99940-0-851-X.