-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კვაჭაძე ლეო მიხეილის ძე (3. X. 1908, სოფ. ლახამურა, მესტიის რაიონი — 22, I. 2011, თბილისი, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ (1930). იყო პედაგოგი (1931-დან), სამეცნ.-კვლ. მოღვაწე (1947-დან), მესტიის პედ. სასწავლებლის მასწავლებელი (1931-1932), სოფ. ლახამურის რვაწლიანი სკოლის დირექტორი (1932-1933), მესტიის პედ. სასწავლებლის სასწ. ნაწილის გამგე (1933-1936). იყო თბილ. 55-ე და მე-8 ვაჟთა საშ. სკოლების მასწავლებელი (1935-1944). კ. ლ. შეთავსებით მუშაობდა სახელმწ. გამომცემლობაში ქართ. ენისა და ლიტ-რის სახელმძღვანელოების კონტროლიორ-რედაქტორად (1940). მას შეეხო პოლიტ. რეპრესიები (1940-1942). კ. ლ.-მ დაიკავა თბილ. ქალთა მე-7 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის პოზიციას (1944-1947). გაიარა ასპირანტურის კურსი აკად. ვ. თოფურიას ხელმძღვანელობით (1945-1948), ხოლო დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა“ (1948). იყო ა. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი (1945-1947), დოცენტი, ამავე ინ-ტის პროფესორი (1947-1967), ინ-ტის მეცნიერ-კონსულტანტი (2003-დან), ილია ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტის საპატიო დოქტ. (2009-დან). შეთავსებით მუშაობდა ა. წერეთლის სახ. ზუგდიდის სამასწავლებლო ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრის გამგედ (1950-1952). გახდა საქართვ. სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1966). კ. ლ.-ს ნაშრომებში განხილულია ქართ. ენის გრამატ., მეტწილად სინტაქსისა და საშ. სკოლაში ენის სწავლების მეთოდიკის ძირეული საკითხები. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“ (გამოკვლევა-სახელმძღვანელო ფილოლ. ფაკ-ტის სტუდენტებისთვის, 1966) და სხვ. იგი არის თანაავტორი ა. შანიძისა საშ. სკოლის „ქართული ენის გრამატიკის“ ორივე ნაწილისა. იგი დააჯილდოვეს საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1980), საქართვ. უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს რესპ. პრემიით (1983), ამავე წელს გახდა საქართვ. მეცნ. დამს. მოღ. მას მიენიჭა სსრკ-ის უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს სპეც. სიგელი (1985). გადასცეს ღირსების ორდენი (1997), საქართვ. სახელმწ. პრემია (1998). ქართ. ფილოლ. განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მან მოიპოვა ილია ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტის საპატიო დოქტ. (Doctor Honoris Causa) პირველი წოდება (2009). ქ. თბილისის საბურთალოს რ-ნში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭა ენათმეცნ. კ. ლ.-ს სახელი (2015).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კვაჭაძე, ლ. (1950). რთული წინადადების სწავლების მეთოდიკა. (მეთოდური სახელმძღვანელო ქართული ენის მასწავლებელთათვის). ინ-ტის გამ-ბა; კვაჭაძე, ლ. (1981). ქართული ენა: (სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების მეთოდიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტთათვის) მე-3 გადამუშავებული და შევსებული გამოცემა. ნაწ. 1. ლექსიკა, ფონეტიკა, გრაფიკა და მორფოლოგია მართლწერის საკითხებითურთ. განათლება.