-
ავტორი
- კატეგორიები:
ქუთათელაძე დავით ექვთიმეს ძე (1901, ფოთი-30.V.1958, თბილისი, დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში), ქართვ. მხატვარი, გრაფიკოსი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თსუ-ში (1922), პარალელურად თანამშრომლობდა ქართ. პერიოდიკასა და გამომცემლობასთან რ-ც მხატვარი. ახალგაზრდა ხელოვანი დაოსტატების მიზნით გაემგზავრა ლენინგრადში და სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში (1924). ლენინგრადში თითქმის ოცი წელი დაჰყო. სახელიც მოიხვეჭა, რ-ც შესანიშნავმა მხატვარმა, უპრეტენზიო და თავდამბალმა ინტელიგენტმა. მან უმძიმესი დღეები გადაიტანა ბლოკირებულ ქალაქში, რის გახსენებასაც ყოველთვის ერიდებოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა თბილ. სამხატვრო აკადემიის სასწ. ნაწილისა და დაზგური გრაფიკის სახელოსნოს გამგედ (1942-დან). იგი განსაკუთრებით ცნობილი იყო პეიზაჟებით. ამასთან ერთად, მისი ნამუშევრები მოიცავდა პორტრეტებს, ნატურმორტებსა და წიგნის ილუსტრაციებს. მხატვრის ტილოები გამოირჩევა ფერთა დახვეწილი გამითა და განათების ოსტატური გადმოცემით. მისი ნახატების დიდი ნაწილი შესრულებულია ზეთის საღებავებით ტილოზე, ანდა ქაღალდზე-,,ბუნების აურზაური“, ფიქრები ქუდის ქვეშ“, ,,შემდეგ“, ,,სილუეტები სიბნელეში“ (აკვარელი, გუაში, ნახშირი) და. ა.შ. მისი უდიდესი კოლექცია დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმისა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში.
ლიტ.: ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 348.