კუდრიაშოვი იური
კუდრიაშოვი იური

კუდრიაშოვი იური  (Кудряшов Юрий, 27.V.1930 – 23.X.2015) თსუ-ის  სამეცნ. საბჭომ მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ეკოცენტრის რადიოეკოლოგიის განყ-ბის გამგე, რუსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი, სახელმწ. პრემიის ლაურეატი,  აირჩია საპატიო დოქტორად (07.10.1996).

კ. ი.  მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერია. იგი სამოც წელზე მეტ ხანს უწყვეტად მუშაობდა მ. ვ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ბიოლოგიის ფაკ-ტის ბიოფიზიკის კათედრაზე, ხელმძღვანელობდა ამავე ფაკ-ტის შემადგენლობაში შემავალ რადიაციული ბიოფიზიკის ლაბორატორიას (1962).

კ. ი.-ის სამეცნ. მოღვაწეობა მოიცავს რადიაციული ბიოფიზიკის - ბუნებრივი და მოდიფიცირებადი რადიორეზისტენტული და ბიოლ. ობიექტებისა და სისტემების პრობლემებს.

პროფესორი 300-ზე მეტი სამეცნ. სტატიის, 13 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების ავტორი და 50-ზე მეტი საკანდიდატო ნაშრომის ხელმძღვ. იყო.   

კ. ი. წარმატებულად უძღვებოდა ლექციების კურსს შემდეგ საკითხებზე: ბიოფიზიკა, რადიოეკოლოგია, რადიაციული ბიოფიზიკა, რადიობიოლოგია. იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნ.-ორგანიზაციულ სამუშაოში: იყო არაერთი სამეცნ. საზ-ბის წევრი, რუსეთის მეცნ. აკადემიის ჟურნ. „რადიაციული ბიოლოგია. რადიოეკოლოგიის“ («Радиационная биология. Радиоэкология»)  სარედაქციო კოლეგიის წევრი, რუსეთის მეცნ. აკადემიის სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რადიობოიოლოგიის საკითხებში, სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს თავ-რე, უმაღ. საატესტაციო კომისიის ექსპერტთა საბჭოს წევრი, რადიობიოლოგიური სკოლების უცვლელი რექტორი.

პროფესორი ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაში შეტანილი წვლილისათვის გმირობის ორდენით დაჯილდოვდა.

კ. ი. თსუ-ის ბიოფიზიკის საკითხებში სადოქტორო დისერტაციების დაცვის რეგიონული საბჭოს წევრი და საერთაშ. კონგრესებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე იყო.