კოტეტიშვილი ვახუშტი ვახტანგის ძე
კოტეტიშვილი ვახუშტი ვახტანგის ძე

კოტეტიშვილი ვახუშტი ვახტანგის ძე (4.VIII.1935, თბილისი - 7.VIII.2008, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და მწერალი. ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1975), თსუ-ის დოცენტი (1962-1978), პროფესორი (1978-1993), საქართვ. პედაგ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1994), საქართვ. მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი (1989-დან), იუნესკოს ხალხ. ხელოვნების საერთაშ. ასოციაციის „იოფას“ საქართვ. განყ-ბის პრეზიდენტი (1997-დან). კ.ვ.-მ ვერცხლის მედალზე დაამთავრა ვაჟთა პირველი საშ. სკოლა და ჩაირიცხა  თსუ–ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე ირან. ფილოლოგიის განხრით (1954).  სწავლის დასრულებისთანავე ჩააბარა თსუ ასპირანტურაში (1959-1962). მუშაობდა თსუ–ის ირან. ფილოლოგიის კათედრაზე (1962–1993). იყო თბილ. კულტურის სახელმწ. ინ-ტის ჰუმანიტარული საგნების კათედრის გამგე და ინ-ტთან არსებული ფოლკლორის კომპლ. კვლევის სამეცნ. ლაბორატორიის ხელმძღვ. (1994-დან). კ.ვ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა; სპარსულ-ქართ. ლიტ. ურთიერთობები; სპარს. პოეტიკა; თარგმანის თეორია და პრაქტიკა. კ.ვ.-ს კვლევის სფერო მოიცავს სპარს. ლიტერატურის ისტ. და თეორიის, მხატვრული თარგმანის და ქართ. ხალ. ფოლკლორის საკითხებს.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაკვირვებები სპარს. რითმის სტრუქტურაზე, რაც მის სადოქტორო თემას წარმოადგენს. ნაშრომში სიღრმისეულად არის გამოკვლეული სპარს. რითმის ფონეტ., მორფოლ. და მეტრული სტრუქტურა და სრულიად ახლებურად არის გააზრებული სპარს. რითმის თეორია. განუზომელია კ.ვ.-ს როგორც მთარგმნელის ღვაწლი. იგი თარგმნიდა სპარსულ, ავსტრო-გერმანულ, ესპანურ და რუსულ პოეზიას. სპარს. ლირიკის მისეული თარგმანები დღემდე მთარგმნელობითი ხელოვნების მწვერვალად ითვლება.  ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ იგი სპარს. პოეზიის ექვს საუკეთესო მთარგმნელს შორის დაასახელა (2007).  კ.ვ.-მ  დაარსა შემოქმედებითი დაოსტატების სასწ. სახელოსნო (მასტერკლასი), რომელმაც  სხვადასხვა სასწ. დაწესებულების სტუდენტები გააერთიანა (2005). ეს იყო გამოცდილი და დამწყები მთარგმნელების შემოქმედებითი თანამშრომლობის ნიმუში, რაც საბოლოოდ აისახა კრებულში, რ-იც აერთიანებს კ.ვ.-ს ლექციებს თარგმანის რაობასა და თავისებურებებზე და მისი მოწაფეების თარგმანებს აღმოსავლური და დასავლური ენებიდან ,,მხატვრული თარგმანის მასტერკლასი“ (2007). დიდია კ.ვ.-ს წვლილი ქართ. ფოლკლორისტიკის განვითარების საქმეში. იგი იყო საქართვ. ხალხ. ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავ-რე და ფოლკლორულ კლუბ „ჯავარის“ პრეზიდენტი. გარდა მრავალრიცხოვანი სამეცნ. და სამეცნ.-პოპულარული ნაშრომებისა ქართ. ფოლკლორის სხვადასხვა საკითხზე, იგი იყო ორგანიზატორი ფოლკლორული საღამოებისა, რომლებმაც ბევრი ნიჭიერი სახ. მთქმელი გამოავლინა. კ.ვ. არაერთი ადგილ. და საერთაშ. პრემიისა და ჯილდოს მფლობელია: პარიზის ქართულ-ევრ. ინ-ტის პრემია (1990); ავსტრიის კულტ. და ხელოვნების სამინისტროს სპეც. პრემია (1995);  ლიტ. პრემია საბა (2003, 2008); პრემია „საგურამო“ (2005); ირანის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო სიგელი (2007).

თხზ.: კოტეტიშვილი, ვ. (1966). აბდ ორ-რაჰმან ჯამი. ლირიკა. თბ., გამომც. ლიტერატურა და ხელოვნება; კოტეტიშვილი, ვ. (1970). ჰაფეზი. თბ., გამომც. საბჭ. საქართველო; კოტეტიშვილი, ვ. (რედაქტ). (1977). ირანული პოეზია. თბ., გამომც. საბჭ. საქართველო; კოტეტიშვილი, ვ. (1986). სპარსული რითმის სტრუქტურა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; კოტეტიშვილი, ვ. (2005). მართალს ვიტყვი... თბ., გამომც. დიოგენე, ISBN 9994045334; კოტეტიშვილი, ვ. (2002). აღმოსავლურ-დასავლური დივანი. თბ., გამომც. დიოგენე, ISBN 9992899441; კოტეტიშვილი, ვ. (2006). ფოლკლორული ძიებანი. თბ., გამომც. მერანი, ISBN 978994148594.