კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე
კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე

კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე (24.X.1893, სოფ. დიდი თონეთი — 17.I.1937) მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი. დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1911), პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინ-ტი და დერპტის (იგივე ტარტუს) უნ-ტი (1918), მოგვიანებით თბილ. სამხატვრო აკადემიაც (ი. ნიკოლაძის ჯგუფი, 1928). იყო მასწავლებელი თბილ. სკოლებში (1919-1926). თსუ-ში კითხულობდა ფოლკლორს (1926-დან) და მისი ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს (1929-დან), ასევე ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. მან მიაკვლია ქართ. ფოლკლორის უძველეს მითოლოგიურ ძირებს. სოციალურ-ისტორიულ გარემოებათა გათვალისწინებით დაათარიღა ზეპირსიტყვიერების ცალკეული ნიმუშები. იყო საქართვ. სახელმწ. მუზეუმის დირექტორის მოადგილე (1933-დან). მისი პირველი ლიტ. წერილი: „საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში“  გამოქვეყნდა „სახალხო გაზეთში“ (1921). კ.ვ. ქართ. ფოლკლორისტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციას. გამოსცა „ხალხური პოეზიის“ პირველი ტ. (1934). იგი არის საბჭ. რეპრესიების მსხვერპლი. იყო აკად. მწერლობის კავშირის წევრი. საქართვ. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი (1918-1928), ქართვ. მხატვართა საზ-ბის თავ-რე (1924-1929).

თხზ.: კოტეტიშვილი, ვ. (1919). შავი წიგნი (შიო არაგვისპირელის შემოქმედება). ძღვნად იუბილარს. ი. იმედაშვილის გამოც.; კოტეტიშვილი, ვ. (1921). უოლტ უიტმანი პროლეტარიატის პოეტი. თბ., სახელგამი; კოტეტიშვილი, ვ. (1925). ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი. ტფ., გამომც. სოლ. ყაზბეგი, მიხ. ჩოფიკაშვილი; კოტეტიშვილი, ვ. (1934). ხალხური პოეზია: ტექსტი. სახელგამი.

ლიტ.: გამეზარდაშვილი, დ. (1969). ვახტანგ კოტეტიშვილი. თბ., ნაკადული; გაჩეჩილაძე, მ. (1990). ვახტანგ კოტეტიშვილი: ბიოგრაფიული ნარკვევი. თბ., საქართველო;  კოტეტიშვილი, ვ. (2019). ჩემი წუთისოფელი. თბ., გამომც. ბაკურ სულაკაური.