კორძახია მიტროფანე ოტიას ძე
კორძახია მიტროფანე ოტიას ძე

კორძახია მიტროფანე ოტიას ძე (4.VII.1890, აბაშა – 28.IV.1970, თბილ.), კლიმატოლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971). დაამთავრა თბილ. ქართული გიმნაზია (1910), შემდეგ კიევის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი პირველი ხარისხის სდიპლომით (1915). მუშაობდა თბილ. საშ. სასწავლებელში მასწავლებლად (1925-დან), შემდეგ თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიაში, სადაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიის, მეტეოროლ. და სხვა განყ–ბებს (1924-დან). შეთავსებით მუშაობდა ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ–ტში (1945-1949), საქართვ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კვლ. ინ-ტში (1953-1955), ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში (1955-დან). კ.მ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ნალექები დასავლეთ საქართველოში“ (1940). იმავე წელს იგი მიიწვიეს თსუ-ის ჰიდროლოგია და კლიმატოლოგიის კათედრაზე (1940-დან), სადაც კითხულობდა ლექციებს კლიმატოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, კლიმატური მასალების დამუშავების მეთოდიკაში. კ.მ.-ს ხელმძღვანელობით კლიმატურად დამუშავდა თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიის და საქართვ. ყველა მეტეოროლ. სადგურის მონაცემები (1935-მდე არსებული), რის საფუძველზე გამოიცა ნაშრომი „საქართველოს კლიმატური აღწერა“. მასში გაშუქებულია საქართვ. ჰავა და მოცემულია თითქმის ყველა მეტეოროლ. ელემენტის კლიმატური მაჩვენებლების ცხრილები 100-მდე პუნქტისათვის. კ.მ.-მ შეისწავლა საქართვ. სხვადასხვა კუთხის კლიმატური თავისებურებანი, მათ შორის კორორტ წყალტუბოს ჰავა. მოგვცა საქართვ. კლიმატური დარაიონება და შეადგინა საქართვ. დეტალური კლიმატური რუკა (1946), რომლის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა „საქართველოს სსრ ატლასში“. მანვე დაამუშავა ამინდის ტიპების კლასიფიკაცია სამედ. მიზნით. ამ კლასიფიკაციამ საკავშ. მასშტაბით ჰპოვა ფართო გამოხმაურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია „საქართველოს ჰავა“, რ–შიც გაშუქებულია საქართვ. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები, კლიმატური რესურსები, ძირითადი მეტეოროლ. ელემენტების კლიმატური რეჟიმი, დახასიათებულია საქართვ. კლიმატური ოლქები, ზონები და ქვეზონები.

თხზ.:კორძახია, მ. (1947). საქართველოს კლიმატი ვახუშტის შრომის მიხედვით: [ვახუშტი როგორც გეოგრაფი 1696-1784 წ. გეოგრ. ინ-ტის შრომები, თბ., ტ. 1; კორძახია, მ. (1948). ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების კლიმატური რეჟიმი საქართველოში. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 1, ფიზ.-გეოგრ. სერია, თბ., ტ. 3; კორძახია, მ.; (თანაავტორი). (1948). საქართველოს კლიმატის შესწავლის ისტორიისათვის. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 1, ფიზ.-გეოგრ. სერია, თბ., ტ. 3; კორძახია, მ. (თანაავტორი). (1950). მესხეთის კლიმატი. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 1, ფიზ.-გეოგრ. სერია, თბ., ტ. 5; ჯავახიშვილი, შ. (1965). კლიმატური და ჰიდროლოგიური ელემენტების შესწავლისათვის. თბ.; ჭეიშვილი, ო. (1977). მოკლე გეოგრაფიული ცნობარი. თბ.; ქართული ენციკლოპედია, ტ. 5; ხარაძე, კ. (1987). საქართველოს გეოგრაფიული კალენდარი. თბ.; ხარაძე კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 161-162, ISBN 9992806982.