-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი თანამდებობის პირი მწერალი პროფესორი
კორძაია ჯანსუღ ტიტეს ძე (15.IX.1932, ქუთაისი - 4.II.2010, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, მწერალი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1956), შემდეგ ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პრაქტიკის როლი შემეცნების პროცესში“ (1964). მოგვიანებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კულტურის ფილოსოფიური პრობლემები“(1975). მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ფილოსოფიის კათედრაზე (1964-1975). 1979-93 იყო საქართვ. უმაღლ. და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს სამმართველოს უფრ. იყო ფილოსოფიის ფაკ-ტის დეკანი, ესთეტიკის კათედრის გამგე და პროფესორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). კ. ჯ.-ს ფილოსოფიური კვლევის ძირითადი მიმართულებებია ფილოსოფიის ისტორია, გნოსეოლოგია და კულტურის ფილოსოფია. მის ნაშრომებში გამოკვლეულია პრაქტიკის, როგორც შემეცნების საფუძვლისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმის თავისებურებანი. ასაბუთებდა, რომ კულტურის სუბსტანციას ცნობიერება წარმოადგენს. ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას; ავტორია 13 პოეტური კრებულისა და 2 რომანის.
თხზ.: კორძაია, ჯ. (1968). პრაქტიკის როლი შემეცნებაში. თბ., განათლება; კორძაია, ჯ. (1971). ჭეშმარიტების ზოგიერთი საკითხი ლენინის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში. თბ., მეცნიერება; კორძაია, ჯ. (1975). პრაქტიკა როგორც შემეცნების საფუძველი. თბ., განათლება; კორძაია, ჯ. (1982). ადამიანი როგორც პრაქტიკის სუბიექტი. თბ., მეცნიერება; კორძაია, ჯ. (1997). აზრის მონოლოგები: ლექსები. თბ., მერანი; კორძაია, ჯ. (2001). სიკვდილის გენეზისი. თბ., ლეგია, ISBN: 999288407X; კორძაია, ჯ. (2005). რჩეული ფილოსოფიური ნარკვევები. თბ., უნივერსალი, ISBN: 9994085301; კორძაია, ჯ. (2005). ადამიანები: რომანი. თბ., კავკასიური სახლი, ISBN: 9992832584.