კოკოჩაშვილი ვიქტორ
კოკოჩაშვილი ვიქტორ

კოკოჩაშვილი  ვიქტორ ივანეს ძე  (12.XI.1904,   ქ. ქუთაისი – 17.IV.1986,  ქ. თბილისი), ქიმიკოსი.  ქიმიის მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1944), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (1922) და სწავლა განაგრძო თსუ-ის პედ. ფაკ-ტის ქიმიურ-ფარმაკოლოგიურ განყ-ებაზე, რ-იც დაამთავრა  (1928). მუშაობდა თსუ-ის არაორგანული ქიმიის (1927-1928), შემდეგ ფიზ. ქიმიის კათედრაზე (1929-1930). თანამშრომლობდა   ლ. პისარჟევსკისთან. 1931 წელს დაინიშნა ქ. დნეპროპეტროვსკის ქიმიურ-ტექნოლ. ინ-ტის არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტად. დისერტაციის დაცვის გარეშე მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1936). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:  „წყალბადისა და ბრომის ნარევების სვის მოვლენათა შესწავლა“ (1943). იყო თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრის  გამგე (1935-1973) და ამავე კათედრის პროფესორი (1973-1986). კ. ვ.მ მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა ქიმ. კინეტიკის დარგში; კერძოდ-თვითაალებისა და ალის გავრცელების საკითხებზე. მიიჩნევა საქართველოში ამ სამეცნ. მიმართულების ფუძემდებლად.  იყო ნობელის პრემიის ლაურეატის, აკად. ნ. სემიონოვის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. წყალბადისა და ქლორის ნარევებს შორის  მიმდინარე ფოტოქიმიური რეაქციის კინეტიკის შესწავლისას აღმოაჩინა სარეაქციო ჯაჭვების ურთიერთქმედების ეფექტი ინტენს. დასხივების პირობებში.  წყალბადსა და ბრომს შორის რეაქციის შესწავლით ექსპერიმენტულად დაადგინა ამ აირების ნარევთა თვითაალების ზღვრები, ალის ფრონტის არამდგრადობა, აგრეთვე სხვადასხვა დანამატების გავლენა აალების ზღვრის მნიშვნელობასა   და ალის გავრცელების სიჩქარეზე (1951). მისმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აირების წვისა და დეტონაციის თეორიის  განვითარებას. პროფ. კ. ვ. წლების განმავლობაში იყო ქიმიის განხრით თსუ-ის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავ-რე. მას მიენიჭა საქართვ. სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1961). იგი დაჯილდოებული იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით.                                              

თხზ.: კოკოჩაშვილი, ვ. (1949). რა არის წვა. თბ., საქ. მეცნ. აკად. გამომც.; კოკოჩაშვილი, ვ. (1962). მოლეკულის აღნაგობა. თბ., საქ. მეცნ. აკად. გამომც..  კოკოჩაშვილი, ვ.  (1962), ლითონების კოროზია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კოკოჩაშვილი, ვ. (1966). ქიმია უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთათვის. თბ., განათლება. კოკოჩაშვილი, ვ. (1972-1978). ფიზიკური ქიმია: ტ. 1-3. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კოკოჩაშვილი, ვ. (1980). ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიული სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა.