კოკილაშვილი ვახტანგ
კოკილაშვილი ვახტანგ

კოკილაშვილი ვახტანგ მიხეილის ძე (1.V.1938, ქ. თბილისი - 16.V.2022). ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ქ. თბილ. მე-7 საშ. სკოლა (1954), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1959). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1963), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1981), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1997), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2014). მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში მკვლევარად (1963-1966), მეცნ. თანამშრომლად (1966-1986), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1986-2001), მთავარ მეცნ. თანამშრომლად (2001-2022), კომპლექსური ანალიზის, შემდეგ კი მათ. ანალიზის განყ-ბის ხელმძღვ. (1990-2022), იყო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1989-2006), თსუ-ის დოცენტი (1966-1985), თსუ პროფესორი (1985-2005), ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. უნი-ტის პროფესორი (2006-2009), თსუ-ის სოხუმის ფილიალი (1996-2006), შავი ზღვის საერთაშ. უნი-ტის პროფესორი (1995-2022). კ. ვ.-ს სამეცნ. ინტე­რესების სფეროა წრფივი და არაწრფივი ჰარმონიული ანალიზი, აპროქსიმაციის თეორია, სასაზღვრო ამოცანები ანალიზური და ჰარმონიული ფუნქციებისთვის. პროფესორ კ. ვ.-ს მიერ მიღებულ ფუნდამენტურ შედეგებს მნიშვნელოვანი როლი აქვს ფუნქციათა თეორიასა და ფუნქციონალურ ანალიზში. ფასდაუდებელია მისი წვლილი ჰარმონიული ანალიზის, წონიანი ფუნქციური სივრცეების, ოპერატორთა თეორიის, აპროქსიმაციის თეორიის, ანალიზური ფუნქციების სასაზღვრო მნიშვნელობებისა და მათ. ფიზიკის ინტეგრალური განტოლებების კვლევაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პოტენციალური ოპერატორებისთვის ორწონიანი ამოცანის მისეულ ამოხსნას. შედეგი ამ სფეროს წამყვანი ექსპერტების მიერ აღიარებულია, როგორც წონის თეორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარღვევა. აღსანიშნავია, რომ წონის თეორიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა რ. ლ. უიდენმა, კ. ვ.-ს მიერ მიღებულ შედეგებს უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა. კ. ვ.-ს სამეცნ. ჯგუფმა არასტანდარტული ფუნქციური სივრცეების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო, რ-ებმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა წამყვან სამეცნ. ცენტრებში. იგი  იყო 10 ადგილობრ. სამეცნ. გრანტის ხელმძღვ. ან  კოორდინატ., ასევე არაერთი საერთაშ. ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი, მათ შორის Transactions of A. Razmadze Mathematical Institute-ს რედაქტორი (1989-2022), Georgian Mathematical Journal, Eurasian Mathematical Journal, Armenian Journal of Mathematics. მას მოპოვებული აქვს 4 საერთაშ. გრანტი, მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. პრემია (1985). ის იყო 8 დოქტორანტის ხელმძღვანელი.

თხზ.: Kokilashvili, V. Meskhi, A. Samko, S., Rafeiro, H. (2016). Integral operators in non-standard function spaces. Vol. I. Variable exponent Lebesgue and Amalgam spaces. Birkhhäuser, pp. 1-576, ISBN 978-3-319-21014-8; Kokilashvili, V., Meskhi, A., Samko, S., Rafeiro, H. (2016). Integral operators in non-standard function spaces. Vol. II. Variable exponent Hölder, Morrey-Campanato and Grand spaces. Birkhhäuser, pp. 577-1005, ISBN 978-3-319-21017-9; Kokilashvili, V., Meskhi, A., Samko, S., Rafeiro, H. (2024). Integral operators in non-standard function spaces, Volume III: Advances in Grand Function Spaces, Birkäuser/ Springer, Heidelberg, pp. 1004-1526, ISBN 978-3-031-64982-0.