ქოჩიაშვილი დიმიტრი (ვაჟა) პავლეს ძე(30.VIII.1938, ზესტაფონი), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1976). წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით (1962). მუშაობდა თსუ–ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე (1960-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის მიდამოების მდინარეებისა და დროებითი ნაკადების წვიმებით გამოწვეული მაქსიმალური ჩამონადენის ფორმირების ანალიზი და გაანგარიშების მეთოდიკა“ (1974). ქ.დ.-ს გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რ–შიც გაშუქებულია მდინარეთა წყლის მაქსიმალური და მყარი ჩამონადენის გამპირობებელი ძირითადი ფაქტორების ანალიზის გაანგარიშების მეთოდიკის საკითხები.
თხზ.:ქოჩიაშვილი, დ. (1974). ხმელეთის ჰიდროლოგიის პრაქტიკუმი დამხმ. სახელმძღვ. გეოგრ.-გეოლ. სტუდენტთათვის. უნ–ტის გამ–ბა; ქოჩიაშვილი, დ. (თანაავტორი). (2001). გეოგრაფია (დამხმარე სახელმძღვ.უმაღლ. სასწავლებელში შემსვლელთათვის), თბ.; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.