-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კობიძე დავით ივანეს ძე (11 (24). IX.1906, სოფ. შუა ამაღლება-14.VIII.1981, თბილისი, მუხათგვერდის პანთეონი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967), ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1976). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში სპარს. ენის თარჯიმნად (1941-1942). კ. დ.-მ საქმიანობა პოეტობით დაიწყო (1921). კრებულები: „ლითონის ფრინველები“ (1924), „საქართველოს ღამეები“ (1928); წერდა ფსევდონიმებითაც (დ. ივანიშვილი, დ. კობიძე, იანო). დაამთავრა პედ. ინ-ტის (თსუ) ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1933). მუშაობდა ხულოს რ-ნში მასწავლებლად. შეკრიბა ადგილ. ფოლკლორი (თსუ შრომები, ტ.118, გვ. 45-69), ჩაირიცხა ასპირანტურაში სპარს. ენისა და ლიტ-რის განხრით (1935), იყო რუსთაველის სახ. ლიტ-რის ინ-ტის უმცროსი (1935), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1938), თსუ-ის აღმოსავლურ ენათა კათედრის ასისტენტი (1938-1940), ფილოლ. მეცნ. კანდ. (1938), დოცენტი (1940), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1949), სპარს. (ირანული) ფილოლ. კათედრის გამგე (1953-1981), აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), დეკანი, თსუ -ის შრომების აღმოსავლეთმცოდნეობის სერიის მთ. რედ. (1959-1981), საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის სექციის თავ-რე. კ. დ.-ს მოღვაწეობის სფეროებია: სპარს. ფილოლოგია; სპარს.-ქართ. ლიტ-რული და ენობრივი ურთიერთობა; ფოლკლორი; პოეტიკა; ლექსიკოლოგია და სხვ. იყო 200-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 16 - ცალკე წიგნად. იყო მნიშვნელოვანი სამეცნ. კრებულების („რუდაქი“, 1957; „ჯამი“, 1964) რედ., თარგმნა საადის „ბუსთანი“, „გოლესთანის“ თარგმანი დაკარგულია. კ. დ.-ის ინტერესი ფირდოუსის მიმართ დაიწყო ტექსტის „სატირა სულთან მაჰმუდზე“ თარგმნითა და შესწავლით (1938). მან დაასაბუთა, რომ ეს თხზულება ამ სახით ფირდოუსის დაწერილი ვერ იქნებოდა. ნაშრომში „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების სპარსული წყაროები (1959) დაადგინა, რომ ქართ. ვერსიები, ფირდოუსის თხზულებასთან ერთად, სპარს. ჩანართიან დედნებს ეყრდნობიან. ივარაუდა, რომ, შესაძლოა, პროზაული „უთრუთიან-საამიანის“ სახით, ქართულმა ლიტ-რამ შემოინახა „შაჰ-ნამეს“ ფირდოუსის წინა ვერსია. გამოსცა ქართ. ვერსიები: „უთრუთიან-საამიანი“, „წიგნი საამ ფალავნისა“, რ-იც თავადვე აღმოაჩინა, „ბაჰმან-ნამეს“ ქართ. ვერსია- „ბაამიანი“. მიაკვლია მის დედანს და შეისწავლა თარგმანის დედანთან მიმართების საკითხი („შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიები, ტ. III, 1974). ეს ნაშრომი ივ. ჯავახიშვილის პრემიით აღინიშნა (1976). გამოსცა „სპარსული ქრესტომათია“ (ტ. I, 1963; 1981; ტ.II, 1967), რ-საც თსუ-ის პირველი ხარისხის პრემიით დაჯილდოვდა. „სპარსული ლიტერატურის ისტორიაში“ (1975) განხილულია ძველი, საშ. და ახ. სპარს. ლიტ-რის ისტორია დასაწყისიდან მე-19 ს-მდე . კ. დ.-ს ეკუთვნის ლინგვისტური დაკვირვებები სპარსულიდან შემოსულ რიგ („შაჰნამეს“, „ვისრამიანის“, „ვეფხისტყაოსნის“) ლექსიკაზე; მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვა აღმოსავლური თუ ქართ. პოეტიკის საკითხებზე, როგორიცაა „ქართული და სპარსული პოეტიკის ისტორიიდან“ (1960); „ჩარხებ მბრუნავი ლექსი გ. ტაბიძის პოეზიაში“ (1967); „ზოგიერთი პოეტიკური ტერმინის განმარტებისთვის“ (1976). დ. კ.-ს კვლევა „ქართულ სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი“ სამ წიგნად გამოიცა (წ. I, 1983, წ. II, 1969), წ. III, 1978). ამ გამოცემის პირველ ტომად ითვლება „შაჰნამეს” ქართ. ვერსიების საპრს. წყაროები (1959); მეორე წიგნში განხილულია ორმხრივი ლიტ. ურთიერთობების საკვანძო საკითხები, ლინგვისტური დაკვირვებანი, ქართ. ლიტერატურის სპარს. თარგმანები და სხვ. მესამე წიგნში (1978) შესწავლილია ქართ.-სპარს. რომანტიკული, დიდაქტიკური და სხვა ხასიათის თხზ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კობიძე, დ. (1946). სპარსული ლიტერატურა: I: (ფირდოუსის წინა პერიოდი).თბ., უნ-ტის გამ-ბა; კობიძე, დ. (1947). სპარსული ლიტერატურა: II: (საგმირო ეპოსი); კობიძე დ. (1966), აბდ-ორ-რაჰმან ჯამი: (გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 33). თბ. ნაკადული; კობიძე, დ. (1971; 1977). როცა ახალი ცხოვრება იწყებოდა: (მოგონებები). თბ. საბჭ. საქართველო.
ლიტ.: ბარამიძე, ა. (1970). ნაშრომი ქართულ-სპარსულ ლიტერატურათა ურთიერთობის საკითხებზე. მნათობი, N3, გვ. 185-188; ბარამიძე ა. (თანაავტორი). (1981). დავით კობიძის ხსოვნას. საქ.მეცნ. აკად. „მაცნე“, ენისა და ლიტ-რის სერია, N4, გვ. 205-206; გვახარია, ა. (1995), დავით კობიძე - ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი. ნარკვ. ქართ.-სპარს. ლიტ-რული ურთიერთობების ისტორიიდან, I, გვ. 219-226; გიუნაშვილი ჯ. (თანაავტორი). (1983). პროფესორ დავით კობიძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა, თსუ შრომები, ტ. 241, გვ. 5-13; კვაჭაძე მ. (თანაავტორი). (2008). დავით კობიძე-100: საიუბილეო კრებული.თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941131004; რიპკა, ი. (1967). დ. ი. კობიძე: სპარსული ქრესტომათია: I. თბ., 1963. თსუ შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, ტ. 121, გვ. 329-333; ფაღავა, კ. (1978). პროფესორი დავით კობიძე: (დაბადების 70 წლისთავის გამო). თსუ შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობა, N186, გვ. 172-175.