ქობალავა იზაბელა
ქობალავა იზაბელა

ქობალავა იზაბელა (8. XI. 1932, ქ. თბილისი-2022,) თეორიული ენათმეცნ., ზოგადი და ექსპერ. ფონეტ.-ფონოლოგიის, ქართველური ენების მკვლევარი. სწავლობდა თსუ-ში კავკ. ენების მიმართულებაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აფრიკატიზაციისა და დეზაფრიკატიზაციის პროცესები იბერიულ-კავკასიურ ენებში“ (1956), სადოქტორო დისერტაცია შემდეგ თემაზე: „ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში“ (1986).  მუშაობდა მკვლევრად საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ზოგადი ენათმეცნ. და ენციკლოპედიის განყ-ბაში (1958-1996). იყო თსუ-ისა და სახელმწ. პედ. უნ-ტის პროფესორი (1989-დან), აირჩიეს ილიას სახელმწ. უნ-ტის სრულ პროფესორად (2006), იყო ამავე უნ-ტის პროფესორ-ემერიტუსი (2011-დან). მისი ავტორობით თუ თანაავტორობითაა შექმნილი მონოგრაფიული ნაშრომები: „ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში“ (1976);  „გლოტალიზაცია ქართველურ ენებში აკუსტიკური და და ფუნქციონალური თვალსაზრისით“ (თანაავტორებთან ერთად) (2011), აგრეთვე შექმნილია ცალკეული პუბლიკაციები: „ეიქტივების (გლოტალიზებული ფონემების) ფუნქციონალური თავისებურებები ქართველურ ენებში“ (2016), ქართ. და მეგრ. CVC სტრუქტურის ფონემური მოდელების კვლევის ანალიზი და შესაბამისი დასკვნები ასახულია სხვადასხვა დროს გამოცემულ პუბლიკაციებში. ზოგადი ენათმეცნ. მიმართულებით ფართო სპექტრის ნაშრომია „ეკონომიის როლისათვის ენის სისტემასა და განვითარებაში“ (1988), რ-შიც ავტორი იკვლევს  ეკონომიურობის პრინციპებს ენის სისტემ.-სტრუქტურულ ორგანიზებასთან მიმართებით. ენათმეცნ. მეტაენის ლექსიკოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი წყაროა „მასალები გლოსემატიკურ ლინგვისტურ ტერმინთა ლექსიკონისათვის“ (1974), რ-შიც ქ. ი.-მ ლ. იელმსლევისა და ჰ. ულდალის შრომებზე დაყრდნობით ცალკეულ სტატიებად აღწერა 306 ტერმინი, რამაც გლოსარიუმს მაღალი სამეცნ. სანდოობა შესძინა. მოგვიანებით კი მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ქართული ენა, პირველი ქართ. სამეცნ.-დარგობრივი ენციკლოპედია (2008), რ-შიც აისახა ქართ. ენის ისტ.,  ქართ. ენათმეცნ. აზროვნების განვითარება, ქართვ. და უცხოელ მეცნიერ-ქართველოლოგთა მიღწევები. ბოლო პერიოდში ქ. ი.-ს კვლევითი ინტერესი ფოკუსირდა ერთ-ერთი ქართველური ენის, მეგრულის, ფუნქციური და სემანტიკური კატეგორიების სიღრმისეულ შესწავლაზე. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაცია ქართველური ენათმეცნიერებისათვის საეტაპო მნიშვნელობის შრომებად ითვლება. მის სახელს უკავშირდება სივრცული მიმართებების გამომხატველი კატეგორიების სტრუქტურული და სემანტიკური კვლევა მეგრულში დასავლურ თუ ამერიკულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ ლიტერატურაზე დაყრდნობით („ულასვლაზმნის სემანტიკა მეგრულში“ (2015), „დროის სემანტიკა მეგრულში“ ( 2015), „Semantic Components of Motion Verbs in Megrelian (2019), სივრცული ზმნისწინები მეგრულში“; „სივრცული ზმნისართები მეგრულში“ (ხელნაწერი). ქ. ი.-ს მიერ მეგრულში ასპექტის, კილოს, დროის კატეგორიების განსხვავებულად ინტერპრეტირების შემდგომ გახდა შესაძლებელი ზმნის სტრუქტურაში პერფექტისა და იმპერფექტივის აღმნიშვნელი მარკერების დადგენა და გამოყოფა, ზმნის უღლების პარადიგმის, დრო-კილოთა სისტემის, განსხვავებული სქემის აგება („კავშირებითი კილო მეგრულში“ (2001), „გე-ზმნისწინის მნიშვნელობისათვის მეგრულში“ (2002).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ქობალავა, ი. (1956). აფრიკატიზაცია ქართველურ ენებში. საქ. სსრ მეცნ. აკად. ასპ. და ახ. მეცნ. მუშაკთა VII სამეცნ. კონფ., თეზისები; ქობალავა, ი. (1969). კონსონანტური ჯგუფების დისტრიბუციული ანალიზისათვის ქართულში. ენათმეცნ. ინ-ტის XXV სამეცნ. სესია, თეზისები; ქობალავა, ი. (1979). მეგრული სიტყვაწარმოებიდან. იკე: ტ. 21.; ქობალავა, ი. (1970). ძირთა ფონემური სტრუქტურისათვის ქართულში. ენათმეცნ. ინ-ტი., XXVI სამეცნ. სესია.