კობახიძე თემურ
კობახიძე თემურ

კობახიძე თემურ (1952, თბილისი - 21.IV.2022), ქართვ. ლიტერატურისმცოდნე, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1974), საქ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართ. ინ-ტი მთარგმნელი (1974-1976); თსუ-ის საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტ. პროცესების სამეცნ.-კვლ. ლაბორ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1976-1983); უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1986-1991); თსუ-ის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის პროფესორი (1992-2006); თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტის დეკანი (1992-2005); თსუ-ის საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტ. პროცესების სამეცნ.-კვლ. ლაბორ. მეცნიერ-ხელმძღვ. (1995-2005); თსუ-ის ამერიკანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი (2001-2006); საზღვარგარეთის ლიტერტურის ისტორიის კათედრის გამგე (2004-2006); თბილ. უნ-ტი "მეტეხი", ანგლისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი (2006-2009); CATS Canterbury College, Tutor, კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი (დისტანციური სწავლება), ლექტორი (2009-2011); თსუ-ის მოწვეული სრული პროფესორი (2009-2013); კავკასიის უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნ. სკოლის ევროპეისტიკის და ამერიკანისტიკის პროფესორი (2009-2014); თსუ-ის მოწვეული პროფესორი (2011-2014); თსუ-ის ამერ. ლიტერატურის პროფესორი (2014 წლიდან). კ. თ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: მეოცე ს. ამერ. პროზა, მეოცე ს. ამერ. პოეზია და სხვა. კ. თ.-ს კვლევის სფეროებია მოდერნიზმი, ტ. ს. ელიოტის შემოქმედება და სხვა. იგი მრავალი საერთაშ. ორგანიზაციისა და ფონდის წევრი იყო. მათ შორისაა „ბრიტანეთის ელიოტის საზოგადოება“, „ინგლისური ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია“ (IAUPE), “ქემბრიჯის უნივერსიტეტის ალუმნუსთა ასოციაცია“, „საქართველოს ამერიკისმცოდნების ასოციაცია“, „საქართველოს გოეთეს ასოციაცია“, „საქართველოს მულტილინგვური ასოციაცია“, „ტომას ელიოტის საერთაშორისო საზოგადოება“, „ჯეიმზ ჯოისის საქართველოს ასოციაცია“ და სხვა.   კ. თ. არაერთი სამეცნ. ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორია. მნიშვნელოვანია სტატია სახელად „სულისა და ხორცის დიქოტომია: ტომას ელიოტის „ჰიპოპოტამი“ და „უკვდავების ჩურჩული“ (2008). განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია გამომცემლობა „უნივერსალში“ დაბეჭდილი მონოგრაფია სახელად „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“ (2015). წიგნი ეხება ტომას ელიოტს და მასთან ერთად, მთელ იმ დიდ ლიტერატურულ ეპოქას, რომელშიც მას მოუხდა მოღვაწეობა და რ-იც მე-20 საუკუნის მთელ პირველ ნახევარს მოიცავს.  წიგნში მოცემულია როგორც ზოგადევროპული, ისე ამერ. მოდერნისტული ესთეტიკის დახასიათება, ტომას ელიოტის პოეზია განხილულია მოდერნიზმის ვრცელ ლიტერატურულ კონტექსტში.  კ. თ.-მ სამეცნ. ჟურნალ „სჯანში“ გამოაქვეყნა სტატიები: „დანტე, ჯოზეფ კონრადი და იოანეს გამოცხადება ტომას ელიოტის „კაცის ფიტულებში“ (2011); „დროისა და სივრცის აგებულება ფოლკნერის მოთხრობაში „ვარდი ემილისთვის“ (2017); „პაროდიული ასოცირება ჯეიმზ ჯოისის მოთხრობაში „მადლი“ (2018); მნიშვნელოვანია სტატია „მითოპოეტური სივრცე და გზის მითოლოგემა ჯოზეფ კონრადის ნოველაში „წყვდიადის გულში“(2021).

თხზ.: კობახიძე, თ. (1991). ტ. ს ელიოტი: პოეზია და მითოსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; Kobakhidze T. ( 1998). Myth and the Literary Aesthetic of Modernism. Tb., Univ. of Tb. Press.