კობაიძე ეთერ გიორგის ასული
კობაიძე ეთერ გიორგის ასული

კობაიძე ეთერ გიორგის ასული (17.VII.1925, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1948) და ასპირანტურა (1951). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების შეხამების საკითხისათვის“ (1952), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ზნეობრივი გრძნობების ბუნება“(1975). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე (1951-დან). პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს ეთიკასა და ესთეტიკაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა არაერთი სამეცნ. ნაშრომი მორალის ფილოსოფიის სფეროში. კ. ე.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა ეთიკა და სოციალური ფილოსოფია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი ზნეობრივი გრძნობების ბუნება, მორალური ცნობიერების ფსიქოლ. და სოც. ასპექტები. იკვლევდა ინდივიდ. და საზ. ინტერესების ურთიერთმიმართებას, ზნეობრივი აღზრდის მეთოდოლოგიურ საფუძვლებსა და მორალური ფასეულობების როლს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ეთიკური აზრის განვითარების ისტორიის შესწავლაში.

თხზ.: კობაიძე, ე. (1958). ზნეობრივი გრძნობების ბუნებისათვის. თბ., საბჭ. საქართველო; კობაიძე, ე. (1964). ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების შეხამება. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კობაიძე, ე. (1974). მორალური ცნობიერების სტრუქტურა. თბ., მეცნიერება; კობაიძე, ე. (1981). ეთიკა:ნარკვევები. თბ., განათლება.