კიზირია ანტონ იოსების ძე
კიზირია ანტონ იოსების ძე

კიზირია ანტონ იოსების ძე (8. I. 1914, სოფ. კოდორი, აბაშის რაიონი — 6. XII. 1986), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა სენაკის პედ. ტექნიკუმი (1931), ქუთაისის პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1937), თსუ-ის ასპირანტურა ქართ. ენის განხრით (1941). მუშაობა დაიწყო სოფ. წყემის არასრულ საშ. სკოლაში ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1931), დაიწყო ლექციების კითხვა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1941-დან); მუშაობდა საქ. სსრ მეცნიერ. აკად. ენათმეცნიერების ინ-ტში ჯერ უმცროს მეცნიე- თანამშრომლად (1943), შემდეგ — უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1945-დან); იყო თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათდერის დოცენტი (1945–1955); ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილისში, ქუთაისსა და თელავში (1943-დან). იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურასა და ისტ. საკითხებს, ძირითადად  ქართველური ენების სინტაქსის პრობლემებს; იგი იყო საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნიერების ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი; ავტორია 6 წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნ. სტატიისა; ეწეოდა ნაყოფიერ საზ. საქმიანობას, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მართვა-შეთანხმების საკითხები ძველ ქართულში“ (1941); აღიარება მოუტანა ვრცელმა მონოგრაფიამ „მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში“ (1969); ავტორია ვრცელი გამოკვლევისა „ზანური ენა“; აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის ტომების მასალათა შემზადებაში; იყო საქ. სსრ მეცნ. აკად. ენისა და ლიტ-რის განყ-ბასთან არსებული ქართ. ენის პრობლემური სამეცნ. საბჭოს თავ-რე, თსუ-ისა და ენათმეცნ. ინს-ტის სამეცნ. საბჭოების, აგრეთვე ბაქოს პედ. ინ-ტის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი; ავტორია 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა, რომელთაგან 6 მონოგრაფიაა და ერთი სახელმძღვანელოა უმაღლესი სასწავლებლებისათვის (ქართული ენა პრაქტიკუმი); მას მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1965), თსუ-ის პროფესორის ხარისხი (1969). გახდა საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1985).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კიზირია, ა. (1969). რთული წინადადებების შედგენილობა ძველ ქართულში. მეცნიერება; კიზირია, ა. (1987). მარტივი წინადადების ტიპები წევრთა შემადგენლობის მიხედვით და კომუნიკატივები. მეცნიერება; კიზირია, ა. (1997). ნარკვევები ქართული ენის შესწავლის ისტორიიდან. ქართული ენა.