კინოტელესასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია
კინოტელესასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია

კინოტელესასწავლოსამეცნიერო ლაბორატორია — თსუ–ის სტრუქტურული ერთეული. კინოტელესასწავლო–სამეცნ. ლაბორატორია თსუ-ში შეიქმნა ჟურნალისტიკის კათედრასთან არსებული კინოფოტოკაბინეტის ბაზაზე (1969). ლაბორ. პირველი გამგე იყო დოცენტი თ. ქვარიანი. მისი დაარსების იდეა ჩამოყალიბდა XX ს. 60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აქტუალური გახდა კინოსა და ტელევიზიის გამოყენება სასწ. პროცესში. ინიციატივის ავტორი იყო თსუ-ის პროფესორი დ. გამეზარდაშვილი. ლაბორ. შექმნას მხარი დაუჭირეს თსუ-ის მაშინდელმა რექტორმა, აკად. ი. ვეკუამ, და უმაღლ. და საშ. განათლების მინისტრმა აკად. გ. ჯიბლაძემ. საქართვ. რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწ. კომიტეტისაგან ტელედანადგარების კომპლექსის გადმოცემის შემდეგ ლაბორატორიამ საქმიანობა გააფართოვა. ჩამოყალიბდა შემოქმედებითი კოლექტივი, რ-შიც შედიოდნენ როგორც პროფესიონალი სპეციალისტები, ისე ახალგაზრდა ჟურნალისტები. ჟურნალისტთა პრაქტიკულ მომზადებაში მონაწილეობდნენ ტელევიზიის განვითარების პროცესში ჩართული სპეციალისტები: მ. ჯალიაშვილი, ლ. არცივაძე, ი. არაყიშვილი და სხვ. ლაბორატორიაში მუშაობდნენ კინოდოკუმენტალისტები და ჟურნალისტები: გ. აბელიშვილი, ლ. კავილაძე, ს. ჩხეიძე, ზ. კაკაბაძე, მ. გვანცელაძე, ნ. დროზდოვი, ი. მერაბოვი, მ. მოსიტაშვილი. საინჟინრო-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდნენ გ. მანჯგალაძე, ჯ. თარხნიშვილი და სხვ. ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავდა კათედრების დაკვეთით სასწ. ფილმების გადაღებას, ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის საცდელი ტელეგადაცემების მომზადებას, შიდა საუნივერსიტეტო ტელექსელით სასწ. პროგრამების გადაცემას, სასწ. და სამეცნ. ფილმების დემონსტრირებას ლექციების შემდეგ, აგრეთვე უნ-ტის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების დაფიქსირებასა და საუნივერსიტეტო კინომატიანეების შექმნას. ლაბორატორია თანამშრომლობდა საქართვ. ტელევიზიასთან და ამზადებდა სპეციალურ სიუჟეტებს საეთეროდ. ლაბორატორიაში მოქმედი სლაიდების განყ-ება უზრუნველყოფდა საუნივერსიტეტო სალექციო კურსებს, სამეცნ. კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და კულტურულ ღონისძიებებს, აგრეთვე თსუ-ში გამოცემულ სამეცნ. ნაშრომებს, ბუკლეტებსა და ალბომებს. ლაბორატორიის გამგეები სხვადასხვა წლებში იყვნენ თ. ქვარიანი, მ. კვაჭაძე და ა. უნაფქოშვილი, რომელთა ხელმძღვანელობით დაიხვეწა მისი ორგანიზაციული და შემოქმედებითი საქმიანობა. კინოტელესასწავლო–სამეცნ. ლაბორ. ბაზაზე შეიქმნა მრავალი სასწ. და დოკუმენტური ფილმი, მათ შორის: „სიტყვა ფიზიკაზე“, „მაღალი ენერგიების ფიზიკა“, „მდინარეთა რეჟიმის შესასწავლად“, „ლესია უკრაინკა“, „ეკოლოგია“, „ასპინძის გათხრები“. ასევე გადაიღეს უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერებისადმი მიძღვნილი ფილმები: „უნივერსიტეტის ერთი დღე“, „უნივერსიტეტი 50“, „უნივერსიტეტი 70“, „ივ. ჯავახიშვილი“, „შ. ნუცუბიძე“, „ივ. ბერიტაშვილი“, „ნ. მუსხელიშვილი“, „ა. შანიძე 100“, „არნ. ჩიქობავა“, „ს. ყაუხჩიშვილი“ და სხვ. ლაბორატორიაში იქმნებოდა კინომატიანე „მოამბე“ (1970-დან). მომზადდა 200-ზე მეტი ვიდეოფილმი, რ-ებიც გადაიცემოდა საქართვ. ტელევიზიის პირველ პროგრამაზე. ლაბორატორიას გააჩნდა სპეც. ფილმოთეკა, სადაც ინახებოდა საუნივერსიტეტო და ისტორიული მასალები.