-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ქიმიური კინეტიკის კათედრა - სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრისგან გამოყოფის შემდეგ (1974, დეკემბერი). კათედრას სათავეში ჩაუდგა დოცენტი (მოგვიანებით პროფესორი) ზურაბ ძოწენიძე. დასაწყისში კათედრაზე ირიცხებოდა 5 დოცენტი: ზ. ძოწენიძე, მ. მუსერიძე, ლ. სეფიაშვილი, შ. ბოჭორიშვილი და დ. მაჭავარიანი; ლაბორ. გამგე ნ. ჩოჩია; ლაბორანტები: მ. აბულაძე, მ. ბუზალაძე, ქ. მიქაბერიძე. კათედრის მთ. სამეცნ. მიმართულებად განისაზღვრა წვის პროცესთა ინჰიბირების შესწავლა. გამოიყო რამდენიმე თემატიკა: (ა) დახშულ რეაქტორში მიმდინარე თვითაალების პროცესზე მყარი ზედაპირის გავლენის შესწავლა დაბალი წნევის პირობებში და წყალბადისა და ჟანგბადის ატომთა ჰეტეროგენული რეკომბინაციის კოეფიციენტთა დადგენა; (ბ) წვის პროცესებზე აირადფაზური მაინჰიბირებელი დანამატების ინდივიდუალური და ერთობლივი ზეგავლენის შესწავლა „აალების ზღვართა მეთოდის“ გამოყენებით; (გ) ატმოსფერულ წნევაზე ალის გავრცელების ჩახშობა არაორგანული მარილების საფუძველზე დამზადებული ფხვნილების საშუალებით. დასახული ამოცანების შესასრულებლად კათედრამ დაამყარა აქტიური ურთიერთობები ქ. ზაარბრიუკენის (გერმანია) უნ-ტთან, სსრკ მეცნ. აკად. ქიმ. ფიზიკის ინ-ტთან, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საკავშირო სამეცნ.-კვლ. ინ-ტთან. შემუშავდა ცეცხლჩამქრობი ეფექტური ფხვნილების რეცეპტურები, შესწავლილი იქნა აალების პროცესებზე რამდენიმე ინჰიბიტორის ერთდროული მოქმედების სინერგისტული და ანტაგონისტური ეფექტები. ამ მიმართულებებით წარმატებით იქნა დაცული ორი სადოქტორო (ზ. ძოწენიძე, გ. ბეზარაშვილი) და რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციები ( დ. ლორთქიფანიძე, მ. კაციტაძე, მ. ნამორაძე, რ. ცანავა, დ. ფეტვიაშვილი, რ-იც მოგვიანებით აირჩიეს დოცენტის თანამდებობებზე). დისერტაციები დაიცვეს აგრეთვე მ. აბულაძემ და ლ. ხვთისიაშვილმა. კათედრას ჰქონდა საინტერესო სამეცნ. ურთიერთობები თსუ-ის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრასთანაც. ამ კათედრების თანამშრომელთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შესწავლილ იქნა დარიშხანოვანი ანჰიდრიდისა და დარიშხანოვანი მჟავას ორგანული ეთერების სინთეზისა და გარდაქმნების კინეტიკა. მიღებული შედეგების საფუძველზე მომზადდა და კათედრაზე დაცული იქნა სამი საკანდიდატო დისერტაცია ( მ. კეკენაძე, კ. სულაბერიძე, ნ. ნინიაშვილი). უნ-ტში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუზველზე ქიმ. კინეტიკის კათედრამ შეწყვიტა ფუნქციონირება (2006, შემოდგომა).