კილანავა ბეჟან ილიას ძე
კილანავა ბეჟან ილიას ძე

კილანავა ბეჟან ილიას ძე (23.IV.1940, გალის რაიონი, სოფ. რეფო-შეშელეთი - 13.IV.1995, თბილისი) მეცნიერი, ფილოლოგი. ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1967). სწავლობდა ვილნიუსის სამხ. საავიაციო სკოლაში (1959-1960), მსახურობდა ჯერ რჟევის, შემდეგ სმოლენსკის სამხ. ნაწილებში (1960-1962). სტუდენტთა სამეცნ. კონფერენციაზე წაიკითხა ექვსი მოხსენება, მათგან ორი — როსტოვისა და ლენინგრადის სახელმწ. უნ-ტებში (1964-1967). ოთხმა საკონფერენციო თემამ სიგელები დაიმსახურა, ორმა — პირველი ხარისხის დიპლომები და ფულადი პრემიები. სტუდენტთა სამეცნ. შრომების რესპ. კონკურსში მისმა ნაშრომმა: „ილარიონ ქართველის ცხოვრების ავტორობის საკითხი“ უმაღლ. შეფასება და ფულადი პრემია დაიმსახურა (1967). იყო სტუდენტთა სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1965-1967). მუშაობდა თბილ. ორჯონიკიძის რ-ნის კომკავშირის რაიკომის შტატგარეშე ლექტორად (1966-1967), იყო სამართლისა და ეკონომიკის ინ-ტის თანამშრომელი, ჟურნ. „სკოლა და ცხოვრების“ განყ-ბის გამგე.  კითხულობდა  ლექციებს თსუ-სა  და საქართვ. სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი სადისერტაციო თემა იყო: „შუშანიკის წამების პრობლემატიკა“. გამოსცა საკუთარი მონოგრაფია „ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან“ (1990), გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. სტატია, მისი რამდენიმე წერილი დაიბეჭდა პოლონურ და აზერბ. ჟურნალებში, ხოლო გამოკვლევა „შუშანიკის წამების“ ქართული და სომხური რედაქციების ურთიერთმიმართების საკითხისათვის“  გამოქვეყნდა იტალიურ ენაზე (1996). მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა „900 მეგრული სიტყვა“, მისი გამოკვლევებისა და შრომების სამტომეული — „რჩეული შრომები“ (2009), ხოლო ცალკე კრებულად გამოიცა მოგონებები ბეჟან კილანავაზე —  „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ (2010).

თხზ.: კილანავა, ბ. (1998). 900 მეგრული სიტყვა: მასალები ლექსიკონისათვის. ინტელექტი.