-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი არქეოლოგი პროფესორი
კიკვიძე იაზონ აბელის ძე (13. III. 1932, თბილისი-5. XI. 1978, თბილისი), არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი, სადისერტაციო თემა: „მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში: (არქეოლოგიური მასალების მიხედვით)“ (1976), პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1954). მუშაობდა აკად. ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის ფეოდ. ხანის არქეოლოგიის განყ-ბაში მეცნიერ-თანამშრომლად (1955); იყო თსუ-ის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი. კ. ი. ძირითადად იკვლევდა მიწათმოქმედების ისტორიას საქართველოში, წამოაყენა „ენეოლითური რევოლუციის“ საკითხი, ახლებურად დააყენა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანგრძლივობის პრობლემა. მისი აზრით, ეს ეტაპი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და მოიცავდა თრიალეთის კულტურასაც. მან დაასაბუთა მოსაზრება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის დაცემისა და ბარში მოსახლეობის შემცირების შესახებ. მონოგრაფიებსა და სამეცნ. წერილებში განიხილავდა რელიგ. კულტის საკითხებს და ფართოდ იყენებდა ეთნოგრაფიულ, განსაკუთრებით კი ფოლკლორულ მასალას. კ. ი.-მა ნაშრომში „მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში“ დეტალურად შეისწავლა კერამიკაზე, ლითონის ნაკეთობებზე გამოსახული სიმბოლიკა, კერძოდ, ჯვრები, ცხოველთა გამოსახულებები. კ. ი. მონაწილეობდა მრავალ არქეოლ. ექსპედიციაში. მისი მონაწილეობით ურბნისში გაითხარა ხიზანაანთ გორა. მან დეტალურად შეისწავლა და აღწერა ამ ძეგლზე აღმოჩენილი საცხოვრებელი ნაგებობები, კერები და სამეურნეო ორმოები. მისმა მონოგრაფიამ „ხიზაანთ გორის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი“ დიდი როლი ითამაშა მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდიზაციის დადგენაში. ჩაერთო თსუ-ისა და აკად. ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის მესხეთ-ჯავახეთის გაერთიანებულ ექსპედიციაში (1970). 7 წლის განმავლობაში მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, თანაავტორებთან ერთად (ო. ჯაფარიძე, გ. ავალიშვილი, ა. წერეთელი), გამოიცა „მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები 1970–77 წლებში“ (1981).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კიკვიძე, ი. (1976). მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში: არქეოლოგიური მასალების მიხედვით. თბილ. მეცნიერება; კიკვიძე, ი. (1972). ხიზანაანთ გორის ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი. თბილ. მეცნიერება; კიკვიძე, ი. (1963). მორწყვა ძველ საქართველოში : ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევი. თბილ. მეცნ. აკად. გამ-ბა.