კიკნაძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე
კიკნაძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე

კიკნაძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე (15.III.1909, ქ. ხაშური - 14.IV.1974, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი. სწავლობდა ხაშურის გიმნაზიაში (1925-მდე).  დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1929). უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფოთის ინდუსტრიულ ტექნიკუმში მასწავლებლად, შემდეგ ქ. ბათუმში სხვადასხვა თანამდებობაზე განათლების სფეროში. თბილისში გადმოსვლის შემდეგ (1935-დან) მუშობდა ჯერ პედ. ინ-ტში, ხოლო შემდეგ — თსუ-ში (1938-დან). კ.გ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ილია ჭავჭავაძე, როგორც ხელოვანი“ (1938). იმავე წლიდან ის თსუ-ის დოცენტია, პარალელურად თეატრ. ინ-ტის ლიტერატურათმცოდნეობის კათედრის გამგეა (1941–1947). იყო საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის თანამშრომელი (1942–1950). ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა ნაშრომი: „ვაჟა–ფშაველას შემოქედება“ (1945). გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია „ქართული სატირისა და იუმორის განვითარების ისტორიისათვის“ (1952). თეორიულ საკითხებთან ერთად წიგნში განხილულია გ.  ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, დ. კლდიაშვილის სატირისა და იუმორის კონკრეტული საკითხები. ცალკე წიგნად გამოიცა მისი სადოქტორო დისერტაცია „ვაჟა–ფშაველას შემოქმედება“ (1957). ამავე წელს გამოქვეყნდა მისი მეორე მონოგრაფია „მეტყველების სტილის საკითხები“. მას ეკუთვნის გამოკვლევები ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ა. კალანდაძის და სხვათა შემოქმედების შესახებ.  კ.გ.-ს თაოსნობით თსუ-ში გაიხსნა ვაჟა–ფშაველას კაბინეტი (1962), რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.

თხზ.: კიკნაძე, გრ. (1978). ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიკნაძე, გრ. (1989). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. თბ., უნ-ტის გამ-ბა.