კიკნაძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე
კიკნაძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე

კიკნაძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე (05. IV. 1929, სოფ. დეისი, ხარაგაულის რაიონი-01. VI. 2014, თბილისი, დაკრძალულია სოფ. დეისში, ხარაგაულის რ-ნი), ფსიქოლოგი. ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1966), დოცენტი (1970). საქართვ. ეროვნ. და სოციალურ ურთიერთობათა აკად. აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი ფსიქოლოგიის სპეციალობით (1952). მუშაობდა ლოგიკის, ფსიქოლოგიის და ისტორიის მასწავლებლად ზესტაფონის საშ. სკოლებში (1952-1954). იყო საქართვ. კპ ზესტაფონის რაიკომის ინსტრუქტორი, განყ-ბის გამგე, მეორე მდივანი; სწავლობდა სკკპ ცენტრ. კომიტეტთან არსებული მოსკ. საზ. მეცნ. აკად. ასპირანტურაში (1953-1963); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1966); იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ლექტორი (1967-1972); საქართვ. კპ წყალტუბოს რაიკომის და ქალაქკომის პირველი მდივანი (1973-1980); საქართვ. სსრ უმაღლ. საბჭოს დეპუტატი (1975-1985); ეკავა საქართვ. კპ ცენტრ. კომიტეტის იდეოლოგიური განყ-ბის გამგის მოადგილის-პოლიტგანათლების რესპ. სახლის გამგის თანამდებობა, ხელმძღვანელობდა კონსულტანტთა ჯგუფს (1980-1991); საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1981-1985); საქართვ. მეცნ. აკად. სახელმწიფოსა და სამართ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991-დან), კრიმინალური ფსიქოლოგიის განყ-ბის გამგე.  კ. დ.-ს კვლევის ძირითადი თემაა ადამიანის ნებისმიერი მოქმედების, სოც. აქტიურობის მოტივაცია, მისი ფაქტორთა სისტემა და კომპონენტები (მოთხოვნილება, ინტერესები, მოტივი, მიზანი, რწმენა, დამოკიდებულებები და სხვ.). გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნ. შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია. კ. დ.-ს ნაშრომებმა ფართო აღიარება ჰპოვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – რუსეთში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და სხვ. მისი ნაშრომი „მოთხოვნილებები, როგორც ქცევის ფაქტორი“ გამოქვეყნდა ბერლინში გერმ. ენაზე (1966). მის მოსაზრებებს იზიარებენ და თავიანთ შრომებში იყენებენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა: ვ. აფანასევი, ნ. მიხაილოვი, ს. დაგელი, ვ. კუდრიავცევი, დ. ქერიმოვი, ვ. ასაევი, თ. შავგულიძე, ვ. მომოვი, ს. ტრახუნინი და სხვ. კ. დ.-ს შრომები „მოთხოვნილებები, ქცევა, აღზრდა“ (მოსკ., 1968) და „პიროვნების მოქმედებისა და განვითარების ფაქტორთა სისტემა“ (თბილ., 1982) ჟურნ. „ვოპროსი ფილოსოფიის“ სარედაქციო სტატიებში (1971, N3; 1985, N7) დასახელდა იმ 10–12 ნაშრომს შორის, რ-თაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის ფილოს. და სოციოლოგიური აზროვნების განვითარებაში. აღნიშნული ნაშრომები, როგორც საჭირო ლიტ-რა, მითითებულია დიდ საბჭ. და ფილოს. ენციკლოპედიების მოთხოვნილებებისა და ინტერესების შესახებ სტატიებში. დ. კ.-ს 5-ჯერ ჰქონდა მოპოვებული საქართვ. მეცნ. აკად. გრანტები (1997–1999, 2000, 2001–2002, 2003–2004, 2005). კ. დ. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1976). საქართვ. პრეზიდენტის განკარგულებით, კრიმინალური ფსიქოლოგიის მეცნ. განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (1999). კ. დ.-ს მინიჭებული ჰქონდა თადარიგის მაიორის სამხედრო წოდება.

თხზ.: Кикнадзе, Д. (1968). Потребности, поведение, воспитание. Изд. Мысль; კიკნაძე, დ. (1971). ადამიანის მოქმედების საკითხისათვის. თბ., საბჭ. საქართველო; Кикнадзе, Д. (1982). Система факторов действия и развития личности. Тб., Сабчота Сакартвело; კიკნაძე, დ. (თანაავტორი). (2006). სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმისა და თანამედროვე კრიმინოლოგიის პრობლემები: [კრ.]. თბ., მერიდიანი,ISBN: 9994046772.