კიღურაძე გივი შალვას ძე
კიღურაძე გივი შალვას ძე

კიღურაძე გივი შალვას ძე (12.II.1922, თბილისი – 5.VIII.1978), ისტო­რიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1943) და ასპირანტურა დასავლეთ ევროპის ახ. ისტორიის განხრით. მუშაობდა თსუ-ში (1946-დან). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „მაროკოს პრობლემა გერმანიის იმპერიალიზმის პოლიტიკაში 1904-1906 წლებში“ (1949), ხოლო სადოქტორო დისერტაცია - „არმიის პრობლემა საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს 1789-1794 წლებში“ (1967). ეს პრობლემა მან შეისწავლა სამოქალაქო ისტორიის ასპექტში, რაც სიახლე იყო. დიდად შეუწყო ხელი რევოლუციის თანამედროვის ემერის არქივის გამო­ყენებას, რ-საც მან მიაკვლია და სამეცნ. მომოქცევაში შემოიტანა. იყო ფართო დიაპაზონის ისტორიკოსი, რომლის მეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენდა საერთაშ. ურთიერთობების ისტორია XX ს-ის დასაწყისში და საფრანგეთის დი­დი რევოლუციის პრობლემატიკა. იკვლევდა საქართვ.-ევროპის ურთიერთობის ისტორიას, რასაც რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. წვლილი შეიტანა ახ. ისტორიის, სწავლების შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კვალიფიციური სახელმძღვანელოების შექმნას. იყო თანაავტორი ახ. ისტორიის მეორე პერიოდის (1870-1918) სახელმძღვანელოსი და ახ. ისტორიის ქრესტომათიისა. ხელმძღვანელობდა თსუ-ის ახ. ისტორიის კათედრას (1969-1978).

თხზ.: კიღურაძე, გ. (1960). ნარკვევები პირველი მსოფლიო ომის მომზადების ისტორიიდან (მაროკოს პირველი კრიზისი). თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიღურაძე, გ. (1963). საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიიდან (ახალი არმიის ორგანიზაცია). თბ., ცოდნა; კიღურაძე, გ. (1970). ახალი ისტორია. ნაწილი 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიღურაძე, გ. (1979). XVII საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია. წიგნი 1. 1603-1642. თბ., გამომც. საბჭ. საქართვ.; კიღურაძე, გ. (1982). საფრანგეთის არმია დიდი რევოლუციის პირველ ეტაპზე (1789-1792). თბ., უნ-ტის გამ-ბა; კიღურაძე, გ. (1983). XVII საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია. წიგნი 2: 1642-1689. თბ., გამომც. საბჭ. საქართვ.