-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე პედაგოგი
ხუციშვილი სოლომონ გიორგის ძე (20.I.1908, ქ. გორი — 1995), ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის ენისა და ლიტერატურის განყ-ბა (1930). კითხულობდა ლექციებს თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში (1938-დან), თსუ-ში (1939-დან), პარალელურად სოხუმის მ. გორკის სახ. პედ. ინ-ტში, გორის ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტში. იყო ამავე ინ-ტის ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (1943-1950). შემდეგ მუშაობდა თსუ-ში ახ. ქართ. ლიტერაყურის კათედრის პროფესორად. ეწეოდა აქტიურ პედ. და საზ. საქმიანობას. ავტორია მრავალი სამეცნ. და ლიტერატურულ-კრიტ. გამოკვლევისა, მათ შორის, აღსანიშნავია წიგნები: „ქართული ლიტერატურის კრიტიკის ისტორიისათვის“ (I, 1954; II, 1957); „ილია ჭავჭავაძე“ (1957); „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ნეკროპოლი“ (1961); „ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები“ (1969); „მიხეილ ზანდუკელი“ (1973); „ლევან გოთუა“ (1976); „ვაჟა-ფშაველა“ (ე. ლუნდბერგთან და ე. ღოღობერიძესთან ერთად, 1977); „ქართული პუშკინიანა“ (1979); „მანათობელი“ (1980) და სხვ. გამოსცა ს. დოდაშვილის, ს. აბაშიძის, ნ. ლომოურის, ე. ბოსლეველის და სხვ. XIX ს. ქართვ. კრიტიკოსების კრებულები. დაჯილდოებულია მედლებით. იყო ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1965). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1977). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
თხზ.: ხუციშვილი, ს. (1978). სიცოცხლე წიგნთან, წიგნისთვის, წიგნში...: ი. გრიშაშვილის ბიბლიოფილური მოღვაწეობა. განათლება; ხუციშვილი, ს. (1987). ილია ჭავჭავაძე 1837-1987. ფერადი ბეჭდვის სტ.; ხუციშვილი, ს. (1995). მშობლიური ლიტერატურა. მე-6 კლასის სახელმძღვანელო განათლება.