ხუციშვილი გიორგი (გოგი) იასონის ძე
ხუციშვილი გიორგი (გოგი) იასონის ძე

ხუციშვილი გიორგი (გოგი) იასონის ძე (1.VII.1941, თბილისი - 16.IV.1993, თბილისი) ხელოვნებათმცოდნე, ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე. თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის დოცენტი. იყო თსუ–ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტის დეკანი (1985). მონაწილეობას იღებდა გამოფენებში (1965). დაამთავრა თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის განყ-ება (1963); აკად. შ. ამირანაშვილის ხელმძღვანელობით დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა (1966). სწავლობდა სორბონასა და პარიზის კაზმულ ხელოვნებათა სკოლაში (ხელმძღვ. დორივალი ბ., 1974-1975). იყო საქართვ. მხატვართა კავშირის (1971-1993) და დიზაინერთა კავშირის წევრი (1990-1993). თსუ-ში დაიცვა დისერტაცია შუა საუკუნეების ქართ. კედლის მხატვრობის საკითხებზე: “საფარის მონასტრის კედლის მხატვრობა” (1973). ამავე თემაზე დაიბეჭდა წიგნი მისივე ავტორობით (1988). ნაშრომში მონოგრაფიულადაა შესწავლილი და გამოკვლეული საფარის მონასტრის მთ. ტაძრის წმ. საბას კედლის მხატვრობა, ისტ. და ლიტ. ცნობები. წმ. საბას ტაძრის არქიტ. და რაც მთავარია, კედლის მხატვრობის მხატვრულ-შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილია კედლის მხატვრობის სხვადასხვა ნაწილის დათარიღება. კვლევის პროცესში ავტორმა დაადგინა, რომ ფრესკების გამოსახულებები ქართ. ტრადიციების მატარებელია, მათ შორის ფერადი შარავანდების არსებობა, რაც უცხო იყო ბიზანტ. კედლის მხატვრობისათვის. ამავე პერიოდის ქართვ. ოსტატები თავიანთი დროის მოწინავე ხელოვნების მიღწევათა დონეზე დგანან და გარკვეულწილად გამორიცხავს პირდაპირი მიბაძვის ან გავლენის შესაძლებლობას თანადროულ არაქართულ მხატვრულ სკოლებთან. სხვადასხვა დროს თსუ-ში უძღვებოდა საუნივერსიტეტო კურსს „ძველი მსოფლიოს ხელოვნების ისტორია“ და სპეც. კურსებს: „ბიზანტიის ხელოვნება“ და „თანამედროვე ხელოვნება“. მისი ფერწერა გამოირჩევა ექსპრესიით, თვითმყოფადობით, ამავე დროს თანამედროვეობით. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირვს ფიგურულ კომპოზიციებს, პორტრეტებსა და პეიზჟებს.

ლიტ.: ხოშტარია, გ. (1980). გოგი ხუციშვილი - ფერწერა, გრაფიკა. კატალოგი. თბ., გამომც. ხელოვნება; ხუციშვილი გიორგი. სპექტრი: ყოველკვარტალური ალმანახი. (1993). აგვისტო, N 1-2. გვ. 149; ხუციშვილი გიორგი. თბილ. უნ-ტი. (1987). 16 იანვარი.