ხურციძე მალხაზ (მამუკა) კირილეს ძე (3.XII.1962, ინაშაური, ვანის მუნიციპ. – 22.IV.2023, თბილ.) – კარტოგრაფი, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) სპეციალისტი, პედაგოგი და გის-ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართვ.-ში სახელმწიფო და კერძო სექტორებში გის-ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრა (1992). პროფ. ნ. ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით თსუ-ის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობდა თსუ-ის აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელ სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში მეცნ.-თანამშრომლად. კითხულობდა შემდეგ სალექციო საგნებს: კომპიუტერი გეოგრაფიაში, გეოინფორმატიკის საფუძვლები, გის MapInfo. ხ.მ.-ს თაოსნობით ამავე პერიოდში, კოლეგებთან ერთად (ზ. ჯინჭარაძე, მ. ქურთუბაძე, თ. ბაკურაძე, დ. ნიკოლაიშვილი) დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გეოინფორმაციული ცენტრი – Ginfo“ (1994). შემდეგ თსუ-ის დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწ.-სამეცნ. ცენტრთან თანამშრომლობით (გ. აბულაძე, გ. გოცირიძე) საფუძველი ჩაუყარა გის-სისტემებისა და დისტანციური ზონდირების (დზ) საკონსულტაციო ცენტრს „გეოგრაფიკი“ (1988), რ-იც მალევე გახდა ქვეყნაში წამყვანი ორგანიზაცია გის-ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის მიმართულები. ხ.მ. პარალელურად მუშაობდა საქართვ. ტექ. უნ-ტის საინჟ. გეოდეზიის კათედრის გამგედ (2007-2012), სადაც მისი ინიციატივით დღემდე მოქმედებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გის-ებსა და დზ-ში. ხ.მ.-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნ.-პრაქტიკული ნაშრომია საქართვ. 1:200,000 მასშტაბის ციფრული საფუძვლების (თემატური გის-ფენების) შექმნა (1992-1994), რ-ბიც დღემდე გამოიყენება როგორც სახელმწ., ისე კვლ. და კომერციულ პროექტებში ეროვნ. სივრცითი მონაცემების სისტემის საფუძვლად. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა მიწისა და ტყის კადასტრების კონცეფციები (1996-2000), ასევე ეროვნ. სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) მოდელები. მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და მუნიციპალურ პროცესებში გათვალისწინებული იყო მისი მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური ჩარჩოები, მათ შორის საქართვ. 1:10,000 მასშტაბის ტოპოგრ. რუკების განახლების პროექტი, სანავიგაციო და დამისამართების სისტემები და სხვა სახელმწ. პლატფორმები. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აგრეთვე თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის პორტალის შექმნაში (2010), ასევე სპეციალისტთა გადამზადებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ხ.მ.-ს ინიციატივას გის-ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშრებით ბიზნეს სექტორში. მის მიერვე დაფუძნებული კომპანია „ცხრა მუხა“ იყენებს გის-ებს მევენახეობისა და ღვინის წარმოების სრული ციკლის მართვისთვის, რითაც შეიქმნა მევენახეობის „მინიკადასტრის“ სანიმუშო მოდელი (2018-2022). ხ.მ.-ს და სხვა თანამოაზრეთა სახელთანაა დაკავშირებული „გეოგრაფიკის“ მიერ საქართველოში გის-ტექნოლოგიების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვა და გარემოსდაცვითი სისტემების კვლევით ინსტიტუტთან – ESRI-თან (Environmental Systems Research Institute, აშშ) მრავალწლიანი პარტნიორობა. მისი ძალისხმევით „გეოგრაფიკი“ გახდა ESRI-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (2000-დან), რაც უზრუნველყოფს თანამედროვე რუკებისა და სივრცითი ანალიტიკის ტექნოლოგიების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას. ხ.მ. არის მონაწილე „გეოგრაფიკის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშ. გის-ებისა და დზ-ის მომხმარებელთა კონფერენციის ორგანიზებასა და ჩატარებაში თბილ.-ში (2002-დან). ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება მოეწყო თსუ-ში (13. X. 2023).
თხზ.: Khurtsidze, M., Beroutchachvili, N.; Bakuradze, T. (1994). Administrative Geoinformation System In Post-socialist Countries – Developing Preliminary Methodology for GIS Data Preparation and Management. Conference Proceedings, „Europe in transition“, Brno'94; Khurtsidze; M.; Bakuradze, T.; Gwilawa, M.; Jintharadze; Z.; Kurtubadze; M. (1995). Environmental Information Systems in Georgia. UNEP and GRID-Arendal, Nairobi, Kenya and Arendal, Norway. https://www.grida.no/publications/596; Environmental information systems in Georgia/; ხურციძე, მ. (თანაავტორი). (2004). გეოინფორმაციული და ექპერტული სისტემების განვითარების ისტორიიდან. ჟურნ. საქართველოს გეოგრაფია, №3. უნ-ტის. გამ-ბა, გვ. 19-27. ISSN 15121267; Khurtsdidze, et. al. (2016). The Georgian road map on climate change adaptation, Tbilisi. ISBN: 9879941086762, https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/156730.