ხუნდაძე სიმონ ირაკლის ძე
ხუნდაძე სიმონ ირაკლის ძე

ხუნდაძე სიმონ ირაკლის ძე (15.XI.1897, სოფ. კალაგონი-21.VIII.1933, თბილისი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში),  ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, მკვლევარი, ჟურნალისტი, სოციოლოგი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში (1905-1914). ჩააბარა მოსკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე (1914-1917), დაამთავრა მოსკოვის წითელი პროფესურის ინ-ტი (1925). ახალგაზრდობაშივე გამოაქვეყნა პირველი წერილი (1915). სტუდენტობისას აქტიურად ჩაება რევ. წრეების საქმიანობაში. იგი, იარაღით ხელში, რუს სტუდენტებთან ერთად იბრძოდა რევოლუციის ბარიკადებზე (1917). იმავე წელს იგი, როგორც პუბლიცისტი და ჟურნალისტი, სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართ. საზ. აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას. საქართველოში დაბრუნებისთანავე ენერგიულად განაგრძობს მეცნიერულ-ლიტერატურულ მოღვაწეობას; მუშაობდა თსუ-ში ჯერ დოცენტად (1926-დან), შემდეგ პროფესორად.  მისი პირველი ნაშრომი იყო „ქართული ინტელიგენციის პროფილი XIX საუკუნეში“ (1927), აშუქებდა ინტელიგენციის სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს და მისი განვითარების გზებს;  მას ეკუთვნის მონოგრაფიები: „სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში“; „ნიკო ნიკოლაძე“; „გიორგი წერეთელი“; „დიმიტრი ყიფიანი“; „სოლომონ რაზმაძე“; „ივანე მაჩაბელი“; „გალაკტიონ ტაბიძე“; „არსენას ტიპი ქართულ მწერლობაში“ და სხვ.; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თსუ-ის ახ. ისტ-ის კათედრას, იყო ამავე ფაკ-ტის დეკანი, ჟურნ. „ქართული მწერლობის“ რედაქტორი, გამომც.: „ქართული წიგნის“, „ფედერაციის“, „სახელგამის“ დირექტორი;  იყო საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1931-დან), სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტ.-ლიტერატურის ფაკ-ტის ახ. ისტორიის კათედრის გამგე (1932-დან).

თხზ.: ხუნდაძე, ს. (1927). სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში ტ. 1: ბურჟუაზიულ-უტოპიური სოციალიზმი საქართველოში. სახელგამი; ხუნდაძე, ს. (1927). ქართველი ინტელიგენციის პროფილი მეცხრამეტე საუკუნეში. სახელმწ. გამ-ბა; ხუნდაძე, ს. (1929). ლევ ტოლსტოი და სოციალიზმი. სახელგამი.