-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი მთარგმნელი
ხუბუა მაკარ ნიკოლოზის ძე (12.X.1890, სოფ. უშაფათი-29.VI.1956, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ლინგვისტი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის ენათმეცნიერების სპეციალობით (1925). ლენინგრადში გაიარა ასპირანტურის კურსი ირანისტიკაში (1931-1932). იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ირანმცოდნეობის კათედრის დოცენტი და კათედრის პირველი შემადგებლობის წევრი. თსუ-ში კითხულობდა სპარს. ენისა და ლიტერატურის კურსებს. ხ. მ.-ის სამეცნ. ინტერესების სფერო: ლინგვისტიკა; ქართ.-ირან. ენობრივი და ისტორ. ურთიერთობები; ქართველური ენები და დიალექტები. ხ. მ. პირველი იყო, ვინც თანამედროვე სპარს. ლიტ. თარგმნას მიჰყო ხელი-თარგმნა სპარსულიდან მ. ჯამალზადეს ნოველები (1935). მისი ნაშრომებიდან ირანისტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „საქართველოს მუზეუმის სპარსული ფირმანები და ჰოქმები“ (ტ. I, 1949), „სამი იამანელი ასულის სახელთა ეტიმოლოგია „შაჰ-ნამეს“ ქართული პროზაული ვერსიით“ (1944), „სპარსული წინა ენისმიერები ქართულში“ (1944). ხ. მ.-ს ეთნოლინგვისტურ-ირანისტ. ინტერესების სინთეზის ნიმუშია მისი „ხაჯალური“ და „დადიანური“ (1933).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ხუბუა, მ. (1932). ზემოაჭარის ენობრივი მიმოხილვა. ბათომი, აჭ. სახელგამი; ხუბუა, მ. (1937). მეგრული ტექსტები: მეგრული ტექსტების მასალა ზღაპრებში და ლექსებში. თბ., სსრკ მეცნ. აკად. საქ. ფილიალის გამ-ბა და სტ.; ხუბუა, მ. (1942). მტკიცებითი ქო ნაწილაკის ხმარებისათვის მეგრულში. საქართ. მეცნ. აკად. მოამბე, N2, ტ.3., გვ. 631; ხუბუა, მ. (1942). უარყოფითი ნაწილიკი ვა მეგრულში. საქართ. მეცნ. აკად. მოამბე, N7, ტ. 3. გვ. 743-745.
ლიტ.: გვახარია, ა. (1987). ხუბუა მაკარ ნიკოლოზის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 11, თბ., გვ. 512.