-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი კურსდამთავრებული
ხოსიტაშვილი ბაბილინა ისაკის ასული (04 XII, 1884, ბოდბისხევი-1973), ქართვ. ფემინისტი მწერალი, მკვლევარი, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი და პირველი დემოკრატი მუშა-პოეტი ქალი. მწერალ იროდიონ ევდოშვილის (ხოსიტაშვილის) უმცროსი და. ბაბილინას წერა-კითხვა 6 წლის ასაკში მამამ ასწავლა. სწავლობდა ბოდბის პანსიონში (1897); თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ უსახსრობის გამო, სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო (1901). თუმცა, ის თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა და მუდმივად ცდილობდა შესაძლებლობების ფარგლებში მიეღო ცოდნა და ახალი ინფორმაცია. ის მუშაობდა სტამბაში, ბიბლიოთეკაში, რედ., ასევე კონსპირაციულ სტამბაში და წერდა ლექსებს. პირველი ლექსები, მუშათა კლასის მდგომარეობას და მათ ბრძოლას აღწერდა, მოგვიანებით, სიყვარულის თემასა და ქალთა პრობლემებს შეეხო (მაგ.: „ქალებს“, „დედა სამუშაოზე“ და სხვა). ლექსების წერის პარალელურად, ის თარგმნიდა პოეზიას, პიესებს და ასევე პროზაულ ნაწარმოებებს (ლერმონტოვი, პუშკინი, ლესია უკრაინკა, ვიქტორ ჰიუგო, იბსენი და სხვ.). ჩააბარა უნ-ტში და სწავლობდა ისტ. და ფილოლ. ფაკ-ტზე (1921, 1926-1929). იგი იკვლევდა ქართ. ლიტ-რის საკითხებს (1931–1932), რ-იც ანტირელიგიური და ანტიშოვინისტური საკითხების დამუშავებას ითვალისწინებდა. თუმცა, უნ-ტმა და სახელმწ. გამომც. უარი უთხრეს კვლევის გამოქვეყნებაზე. რელიგიისა და წარსულის შესწავლის დროს ბ. ითვალისწინებდა, რომ საჭირო იყო უფრო ზუსტი ანალიზი, რადგან ბევრი რამ წარსულში გაყალბებული იყო. იგი ასევე საუბრობდა არმენოფობიის, შოვინიზმის და რელიგიური ფანატიზმის გაღვივებაზე. ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა, „ქალთა საკითხებს“ და ფემინიზმს. აქტიურად აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს-ფემინისტურ მოძრაობას, სუფრაჟისტებს და ზოგად ტენდენციებს, რ-იც ქალთა გაძლიერებას უკავშირდებოდა. ის ცდილობდა, პარალელი გაევლო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. პოზიტიურად აფასებდა საბჭ. კავშირის პოლიტ. მცდელობას, ერთმანეთისგან გაემინჯა საოჯახო და საჯარო სფეროები, თუმცა, მისი აზრით, ქვეყნის კანონმდებლობა საკმარისად ვერ უზრუნველყოფდა ქალის გაძლიერებას. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რ-აც ბაბილინა განიხილავს არის სექსუალობა. მწერლის ცხოვრების გზა არის მუდმივი წინააღმდეგობა და ბრძოლა. ის არ შეეგუა დაბრკოლებებს, რომლებითაც სავსე იყო მისი ცხოვრება. თარგმანებმა, ლექსებმა და ნაშრომებმა არ მოუტანეს მას საყოველთაო აღიარება, დაფასება და მატერიალური კეთილდღეობა.
თხზ.: ხოსიტაშვილი, ბ. (1925). სნეული საკითხი. თბ., ლიტერატურის მუზეუმი; ხოსიტაშვილი, ბ. (1931). ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობა წინათ და ეხლა. თბ., ლიტერატურის მუზეუმი; ხოსიტაშვილი, ბ. (1935) გაზეთ მებრძოლი ათეისტის რედაქციას. თბ., ლიტერატურის მუზეუმი; ხოსიტაშვილი,ბ. (1936). ხელნაწერები. თბ.: ლიტერატურის მუზეუმი; ხოსიტაშვილი, ბ. (1964). მშობლიურ სოფლიდან დედაქალაქში. თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება.
ლიტ.: კვინიკაძე,გ. (2017). ბაბილინა ხოსიტაშვილის ბიოგრაფია. თბ.