ხომასურიძე არჩილ გიორგის ძე
ხომასურიძე არჩილ გიორგის ძე

ხომასურიძე არჩილ გიორგის ძე (11. II. 1942, თბილისი), ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1980). დაამთავრა თსსი (1965). გაიარა ასპირანტურა საკავშირო კლინ. და ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (მოსკ., 1965–1969), კლინ. ორდინატურა მოსკოვის №10 სამშობიარო სახლში (1969-1972). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰიპოთირეოზის გავლენა შთამომავლობის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე“ (1969). იყო საკავშირო მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (მოსკოვი) უმცროსი (1972-1979), შემდგომ კი უფრ. მეცნიერ- თანამშრომელი და კონტრაცეპციის განყ-ბის გამგე (1979-1983). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰორმონული კონტრაცეპციის გავლენა ფარისებრ, თირკმელზედა,  კუჭუკანა ჯირკვლებზე,  თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე“ (1978). იყო ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის გენ. დირექტორი (1985–2014); „პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის” გენ. დირექტორი (2014-დან). ხ. ა. არის თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დამფუძნებელი და ხელმძღვ. (1997-დან); ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაფუძნებულ რეპროდუქტოლოგიის კათედრას თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში (1998–2006); იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი (1988–2002); საერთაშ; პროგრამების (UNFPA, WHO) კოორდინატორი; დირექტორი და კონსულტანტი (1996–2012); არის საქართვ. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2002-დან); რეპროდუქტოლოგთა საერთაშ. აკადემიის წევრი (1997-დან); ჟურნ. „რეპროდუქტოლოგიის“ დამაარსებელი და მთ. რედ. (1998–2003); ღირსების ორდენის კავალერი (2010); თბილ. საპატიო მოქალაქე (2023); თბილისში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი (2024); იგი ავტორია 550 სამეცნ. შრომის, მათ შორის: „მიფეპრისტონის გამოყენება მშობიარობის  გასაუმტკივარებლად“ (საქ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნ. ცენტრი, საქპატენტი სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, N13 (281), 2009); “მამაკაცების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა” (2005).

თხზ.: (გარდა ტექსტსი მოსენიებულისა): ხომასურიძე, ა. (თანაავტორი). (2008). რეპროდუქციული ფუნქციის ნეიროენდოკრინული რეგულაცია: [სახელმძღვანელო]. თბ., სახალხო აფთიაქი; ხომასურიძე, ა. (2022). ჩემი გზა. თბ., საერთო სიტყვა; ხომასურიძე, ა. (თანაავტორი). (2023). რეპროდუქტოლოგია ყველასათვის. თბ., ISBN 9789941851247.