-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ხმალაძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე (24.IV.1904, ს. უფლისციხე, ახლანდ. გორის მუნიციპ. – 11.V.1985, თბილ.), გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957). ჩაირიცხა თბილ. პოლიტექნიკურ ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტზე (1923), მაგრამ უსახსრობის გამო მესამე კურსიდან ვეღარ გააგრძელა სწავლა. მოგვიანებით დაამთავრა თსუ-ის დაუსწრებელი სექტორი (1944). მუშაობდა თბილ. საზ.-ბრივ სამმართველოში მუშად (1925-1927), ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამმართველოში (1927-1929), საცდელ-საკვლევ წყალთა მეურნეობის ინ-ტში უფრ. ტექნიკოსად (1929-1930). ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ კომიტეტში მეორე თანრიგის მეცნ. თანამშრომლად (1930-დან). ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის დავალებით იყო მივლინებაში ირანში სპეცსამუშაოების შესასრულებლად (1941). შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართვ. ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, კითხულობდა ლექციებს. ხ. გრ.-მ დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე თემაზე „საქართველოს მდინარეთა საშუალო ჩამონადენი და წლიური ჩამონადენის რყევადობა“ (1951), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სომხეთის სსრ მდინარეთა ატივნარებული მასალა“ (1966). ხ. გრ.-ს გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის აღსანიშნავია „მდ. ივრის ჰიდრომეტრია და ჰიდროლოგია“, რ-იც საფუძვლად დაედო სამგორის წყალსაცავის ტექნიკურ დაპროექტებას. შესრულებული აქვს ჰიდროლოგიური გაანგარიშებანი საქართვ. პატარა მდინარეებისათვის. მრავალი შრომა მიუძღვნა საქართვ. და სომხეთის ღვარცოფების ბუნების შესწავლას, მათ დარაიონებას და კლასიფიკაციას. დიდი წვლილი შეიტანა ამიერკავკასიის მდინარეთა წყლის რესურსებისა და ბალანსის შესწავლის საქმეში. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირებისა და მათი მოძრაობის შესწავლაზე. შრომათა დიდი ნაწილი ეხება კავკასიის შავი ზღვის სანაპირო მდინარეების, ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მდინარეების შესწავლას. ხ. გრ.-ს მინიჭებული ჰქონდა საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის ორი საპატიო სიგელი, სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლები და დიპლომები, საკავშ. გეოგრ. საზ-ბის დიპლომი, შრომისათვის „შავი ზღვისპირეთის მდინარეების მყარი ჩამონადენი“ მიეკუთვნა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემია (1983).
თხზ.: Хмаладзе, Г.Н. (1964). Взвешенные наносы рек Арсянской ССР. Л., Гидрометеоиздат; Хмаладзе, Г.Н. (1978). Выносы наносов реками Черноморского побережья Кавказа. Л., Гидрометеоиздат; Хмаладзе, Г.Н. (1979). Гидрология реки Бзыбь. Тб., ТГУ; Хмаладзе, Г.Н. (1982). Влияние антропогенной деятельности на сток рек Риони и Куры. Тр. ЗакНИГМИ, Вып. 77 (83). стр. 10-23; Сванидзе,Г.Г., Хмаладзе, Г.Н. (1983). Паводки и наводнения. В Кн: Опасные гидрометеорологические явления на Кавказе. Л., Гидрометеоиздат, стр. 194-210; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0.