ხიტალიშვილი ეთერ ანტონის ას
ხიტალიშვილი ეთერ ანტონის ას

ხიტალიშვილი ეთერ ანტონის ასული (25.XII.1938, სოფ. არანისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპ.–2010), გეოგრაფი, პედაგოგი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1961). გაიარა ასპირანტურის კურსი ზოგადი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1966-1969). მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე ლაბორანტად (1961-1982), შემდეგ უფრ. მასწავლებლად (1982-დან). მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობები საგანში „სსრკ ფიზიკური გეოგრაფია“. გამოქვეყნებული ჰქონდა 30-მდე სამეცნ. ნაშრომი. მუშაობდა საქართვ. უმთავრესად მდ. არაგვის ხეობის, ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ პრობლემებზე, დაცული ტერიტორიების როლზე ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების, გარდაქმნისა და გაუმჯობესების საკითხებზე. შეადგინა კავკასიის ოროჰიდროგრაფიული რუკა (მასშტაბი 1:2,500,000), დანართით „კავკასიის გეოგრაფიული ცნობარი“ (2003). მუშაობდა კავკასიის ფიზ. გეოგრ. სალექციო კურსის შედგენაზე. დაჯილდოებულია განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით (1982).

თხზ.: ეთერ ხიტალიშვილის ხსოვნას. (2010). გაზ. თბილისის უნივერსიტეტი, 29 ივნისი, №7 (2103); ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 309, ISBN 9992806982.