ხელაშვილი ანზორ ალექსანდრე ძე
ხელაშვილი ანზორ ალექსანდრე ძე

ხელაშვილი ანზორ ალექსანდრე ძე  (19.VIII.1938, სოფ. კარდენახი). ფიზიკოს, დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1962). გაიარა ასპირანტურა  ქ. დუბნის ბირთვულ კვლევათა გაერთიანებულ ინ-ტში თეორ. ფიზიკის განყ-ბაში, აკად. ნ. ბოგოლიუბოვის სახ. ლაბორატორიაში (1962-1965). მუშაობს თსუ-ში, სადაც კონკურსებით გაიარა პრაქტიკულად ყველა სამეცნ. თანამდებობა (უმცროსი და უფრ. მეცნ. თანამშრომელი, განყ-ბის გამგე  ლაბორატორიაში, განყ-ების გამგე ინ-ტში, მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, 1965-დან). ყოველივე ეს ხდებოდა ფიზიკის ფაკ-ზე და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში. დაიცავა საკანდიდატო (1967) და სადოქტორო დისერტაციები (ქ. დუბნა) (1982). იყო ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე (1986-1994) და თეორ. ფიზიკის კათედრის გამგე (1994-2005). არჩეულ იქნა თსუ-ის პრორექტორის თანამდებობაზე სამეცნ. მუშაობის დარგში (1993-2005). მონიჭებული აქვს პროფესორის სამეცნიერო წოდება (1988). არჩეულია საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1997). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის - ნახევარზე მეტი საზღვარგარეთის ცენტრალურ ჟურნალებში. სამეცნ. ინტერესების სფერო ძირითადად მოიცავს ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკას და ველის კვანტურ თეორიას. კერძოდ: გაფანტვის თეორიას მრავალი ნაწილაკის სისტემაში, ბმული მდგომარეობების აღწერას ველის კვანტურ თეორიაში, ელემენტარულ ნაწილაკთა კირალური სიმეტრიებისა და არაწრფივი მოდელების განხილვას, დარღვეული კირალური სიმეტრიების შესწავლას, ე. წ. სიგმა ტიპის მოდელების რენორმალიზაციის და ზღურბლური თეორემების მტკიცებას, არააბელური ველების თეორიაში (გლუოდინამიკაში) ინფრაწითელი ასიმპტოტიკის დადგენას და შორ მანძილებზე კვარკებს შორის ურთიერთქმედების პოტენციალების ყოფაქცევის მიღებას, კვანტურ ქრომოდინამიკაში კვარკების დატყვევების პრობლემის კვლევას, დაისონისა და შვინგერის განტოლებათა კვლევას ყალიბრულ იგივეობებთან ერთად, დინამიკური („ფარული“) სიმეტრიების გენერატორების გამოყვანას რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში (დირაკის თეორიაში), კვანტური მექანიკის ფუძემდებლური პრობლემების კვლევას: შრედინგერის რადიალური განტოლების ტალღური ფუნქციის ნორმირების პრობლემას, კოორდინატთა სათავეში ლაპლასის ოპერატორის სინგულარული ყოფაქცევის აღმოჩენას და გამოყენებას. გამოცემული აქვს 5 სახელმძღვანელო და 5 მონოგრაფია. ხელმძღვანელობს ელექტრონული ჟურნ. GESJ (2000). (“საქართველოს მეცნიერებათა ელექტრონული ჟურნალი“) სარედაქციო კოლეგიას. მონიჭებული მაქვს რამდენიმე პრემია: პეტრე მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია (1982), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ილია ვეკუას სახ. პრემია (2009), საქართველოს ეროვნ. (სახელმწ.) პრემია მეცნ. (2009). არის ამერიკის მეცნ. ნაციონალური აკადემიის საპატიო წევრი, აგრეთვე აშშ ფიზიკის მასწავლებელთ ასოციაციის წევრი.

თხზ.: ხელაშვილი, ა. (2005). კლასიკური თეორიული მექანიკა. ლექციების კურსი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994012703; ხელაშვილი, ა. (2007). სპინის ფიზიკა-ღრმად-არადრეკადი პროცესები და პოლარიზაციული მოვლენები, დამხმ. სახელმძღვ. თეორ. ფიზიკის და ელემენტ. ნაწილაკების ფიზიკის სპეც. მაგისტრატურის სტუდ. ნეკერი გამ-ბა,  ISBN: 9789994091188; ხელაშვილი, ა. (2008). ფეინმანის ფუნქციონალური ინტეგრალი და მისი ზოგიერთი გამოყენება. მონოგრაფია და დამხმარე სახელმძღვანელო თეორიული ფიზიკის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის. ნეკერი გამ-ბა, ISBN: 97899941404078; ხელაშვილი, ა. (2023). სიმეტრიები და ჯგუთა თეორიის ელემენტები ნაწილათა ფიზიკაში, სტანდარტული მოდელის შესავალი. ნეკერი გამ-ბა, ISBN: 97899941501524.