-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ხარაძე კობა პავლეს ძე (20.X.1940, ს. ჩხარი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი- 16.VIII.2021, თბილისი). გეოგრაფი, გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწ. პედაგ. ინ-ტი (1966) გეოგრაფიის სპეციალობით. მუშაობდა წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში გეოგრაფიის მასწავლებლად (1966-1972); სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის დასწრებულ ასპირანტურაში (1969-1972); მუშაობდა ამავე ინ-ტში უმცროს, უფრ. და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1973-დან); 1993-დან იყო ისტ. გეოგრაფიის თემატური ჯგუფის ხელმძღვ.; იყო გეოგრაფიის ინ-ტის ფიზ. გეოგრაფიის განყ-ის ხელმძღვ. (2012-2021); ლექციებს კითხულობდა გორის პედაგ. ინ-ტში, ქუთაისის, სოხუმის სახელმწ. და წმ. ანდრია პირველწ. სახ. ქართულ უნ-ტებში შემდეგ საგნებში: საქართვ. გეოგრაფია, ისტ. გეოგრაფია, გეოგრაფიის ისტ., მხარეთმცოდნეობა, ონომასტიკა, სამხ. გეოგრაფია, კულტურის ისტორია. ხ. კ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „გეოგრაფიული ცოდნის ისტორია ძველ საქართველოში (X-XVIII სს.)“ (1973); სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია - ქართლი“ (1993), ჩაატარა კვლევები ქართველ გეოგრაფებსა და მოგზაურებზე, გააანალიზა მოგზაურთა შთაბეჭდილებები გეოგრ. რაკურსით, შეადგინა მოგზაურთა მარშრუტების რუკები; საქართვ. ისტორიულ გეოგრაფიაში გამოიკვლია ასეულობით ძვ. ქართ. ტოპონიმი, შეადგინა რეტროსპექტული რუკები; ახალი მონაცემების საფუძველზე გამოიკვლია ისეთი საკითხები, რ-ბიც ადრე ნაკლებად ან ბუნდოვნად იყო გადმოცემული (ძვ. საზღვრები, ტოპონიმია, მიგრაციები და სხვ.); ხ. კ-მ მოახდინა რიგი რეგიონების ძვ. მოსახლეობის რეტროსპექტული კარტოგრაფირება; ასევე, შეისწავლა ისტორიული სამხ. გეოგრაფია და საეკლესიო გეოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. სტატია: „1724 წლის ქართული ემიგრაციის მარშრუტის ასახვა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომებში“ (ვახუშტი ბაგრატიონი - გეოგრაფი. თბ., 1997); „ივანე ჯავახიშვილის რუკა“ (ჯავახიანი : ალმანახი, 2018, ნაწ. 1); „განმეორებადი ტოპონიმია კავკასიაში“ (შრომები: ახალი სერია, 2020, N 2). „ Sedimentation of the Travertines in Georgia“ (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2020, Vol.14. N1); მათ შორის 25-ზე მეტი მონოგრაფია და სახელმძღვანელო; ხ.კ.-მ დიდი წვლილი შეიტანა გეოგრაფიული მეცნიერების პროპაგანდის საქმეში. ამ მხრივ გამოაქვეყნა 400-ზე მეტი წერილი, რადიო-ტელევიზიით ათობით გადაცემა და გამოსვლა მიუძღვნა საქართვ. ბუნებისა და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ტოპონიმებს და სხვა საკითხებს. იღებდა მონაწილეობას გადაცემებში „ბუნების კარი“, „გლობუსი“ და სხვ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გეოგრაფიის ინ-ტში შეიქმნა მემორიალური მუზეუმი, რ-საც საზ-ბრივ საწყისებზე თავად უძღვებოდა, ხოლო გორის რ-ნის სოფელ ძევერაში აკად. ალ. ჯავახიშვილის და სენაკის რ-ნის სოფ. ეკში აკად. თ. დავითაიას სახლ-მუზეუმები; გეოგრაფიის ინ-ტის დაარსების 50 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა საიუბილეო კრ.ი „ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი – 50“; დიდი წვლილი შეიტანა „საქართველოს წითელი წიგნის“ არაორგანული ბუნების ძეგლების განყ-ის ტექსტები და საილუსტრაციო მასალების დამუშავებაში; მისი რედაქტორობით გამოვიდა ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს გეოგრაფიის“ ორი წიგნი - „სამცხე“ და „ქართლი“; ხ. კ.-მ მონოგრაფიული გამოკვლევები მიუძღვნა ცნობილ მეცნიერებს - „ბუნების უბადლო მკვლევარი. ლევან მარუაშვილი“, „კაცი ლეგენდა. აკადემიკოსი თეოფანე დავითაია“, „დიდი მამულიშვილის ღირსეული ღვაწლი. აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი“, „მისაბაძი პიროვნება, დაუღალავი მკვლევარი“. „ალექსანდრე ასლანიკაშვილი“, „მიწისქვეშეთის მამაცი მკვლევარი. არსენ ოქროჯანაშვილი“, „გეოგრაფიული მეცნიერების მოამაგე. რომან კვერენჩხილაძე“, „ბუნების დაუღალავი მკვლევარი. დავით უკლება“. არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და ატლასის სამეცნ. რედაქტორი და რეცენზენტი; თსუ-ის სოხუმის ფილიალის გრიფით გამოვიდა 4 სახელმძღვანელო სპეციალურ საგნებში, მათ შორის, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“; მისი აქტიური მონაწილეობით ჩატარდა რესპ. 6 კონფერენცია და სხვ. ხ.კ. იყო საქართვ. მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურთა ხელშემწყობი კავშირის გამგეობის წევრი. ხ. კ. იყო თანაავტორი სახელმძღვანელოების - „საქართველოს გეოგრაფია“, IX კლ. სახელმძღვანელო (2008), „ჩვენი საქართველო“, V კლ. სახელმძღვანელო (2010). ხ. კ. მეცნიერებაში დიდი წვლილისათვის მოხსენიებულია ამერიკის ბიოგრ. ინ-ტის ენციკლოპედიაში „ვინ ვინ არის“ (2005), აგრეთვე მიანიჭეს წლის მამაკაცის ჯილდო და დაასახელეს მაძიებლის მრჩეველთა საბჭოს წევრად (2005). დაჯილდოებულია ვახუშტი ბაგრატიონის სახ. მედლით, სულხან-საბა ორბელიანის საიუბილეო მედლით, თსუ-ის მედლით.
თხზ.: ხარაძე, კ. (2013). ათი წელი მოგზაურობაში, იონა გედევანიშვილი. თბ.; ხარაძე, კ. (2014). საქართველოს ბუნების ძეგლები. ქუთაისი; ხარაძე, კ. (2018). ძველი ქართული გეოგრაფიული ტერმინების ლექსიკონი. სვეტი; ხარაძე, კ. (2019). ტოპონიმიკური შტუდიები. თბ., სვეტი.
მასზე: ჯიშკარიანი, ჯ. (1999). ფუტკარივით დაუზარელი ... გლდანი; ჯავახიშვილი, შ. (2003). ხარაძე კობა პავლეს ძე. ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება; ღვაწლმოსილი მეცნიერი, ორგანიზატორი, პედაგოგი, კობა ხარაძე - 80. თბილისის უნივერსიტეტი, 2019, 22 ნოემბ., №11.