-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი გეოგრაფი გეოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხანთაძე არჩილ გიორგის ძე (22. VII. 1935, თბილისი – XI. 2009), ფიზიკოსი, პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1981), ატმოსფეროს მაღალი ფენების შესწავლის სამეცნ.-„ სკოლის შემქმნელი საქართველოში. ოქროს მედლით დაამთავრა ვაჟთა 55-ე საშ. სკოლა, შემდეგ წითელ დიპლომზე დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის მოსკოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1960). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში პლაზმის ფიზიკის განყ-ბაში (1960-1961), შემდეგ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (1961-დან), სადაც სამეცნ.-კვლ. მუშაობას იწყებს ჰიდროდინამიკასა და მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში, ატმოსფეროს მაღალი ფენებისა და დედამიწის ახლომდებარე კოსმოსის ფიზიკის საკითხებზე. აქვე, მისი ინიციატივით დაარსდა ატმოსფეროს მაღალი ფენების ლაბორატორია (ხელ-და 1972-დან), გეომაგნეტიზმის განყ-ბის გამგედ (1974-1975), იონოსფეროს ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორის განყ-ბის გამგედ (1975-1981). შემდეგ მუშაობას აგრძელებს თსუ-ში გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრის გამგედ (1984-2009). ხ. ა.-მა დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში დინამიკურად შესაძლებელი დინებების შესახებ“ (1965), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია „გამტარი ატმოსფეროს დინამიკის ზოგიერთი საკითხები“ (1971, მოსკოვი, დედამიწის ფიზიკის ინ-ტი). ცნობილ ამერიკელ მეცნიერ ტოლტოისთან ერთდროულად და დამოუკიდებლად, აღმოაჩინა როსბის ტიპის ტალღები (1967), შემდეგ ელექტრომაგნიტური პლანეტარული ტალღები, რომლებიც განაპირობებენ ელექტროდინამიკურ ეფექტებს და იძლევიან მიწისძვრების, ატომური და სამრეწველო აფთქებების, ვულკანური ამოფრქვებების, მაგნიტური ქარიშხლებისა და სხვათა განსაზღვრის შესაძლებლობას (1986-1991). იონოსფეროში ელექტრომაგნიტურ პლანეტარულ ტალღებს „ხანთაძის ტალღები“ უწოდეს. ხ. ა. იკვლევდა არაერთ მნიშვნელოვან სამეცნ. პრობლემას, კერძოდ, მან შექმნა გლობალური დათბობის პროცესის ფიზიკური მოდელი, განახორციელა სათბურის ეფექტის ანალიზური ამოხსნა და მისი დროში განვითარების ხასიათი, გაუდაბნოება, როგორც მიწის დეგრადაციის ამოცანა, დაიყვანა ლანდაუ-სამარსკის არაწრფივ ამოხსნამდე. მუსონური თეორიის გამოყენებით დაამტკიცა გეოგრაფებისა და გეოფიზიკოსების მიერ დადგენილი ტენდენცია (აცივება დასავლეთ, ხოლო დათბობა აღმ. საქართველოში). ხ. ა.-ს გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის საზღვარგარეთის გამოცემებში (2 მონოგრაფია და 60-ზე მეტი იმფაქტფაქტორიან ჟურნალებში). იყო მრავალი საერთაშ. და ადგილ. კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე, მჭიდრო სამეცნ. კავშირები ჰქონდა მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ინ-ტებთან და კვლევით ცენტრებთან (აშშ, ისრაელი, იაპონია, რუსეთი და სხვ.). ხელმძღვანელობდა და ჩართული იყო არაერთ საერთაშ. სამეცნ. პროექტში. ბოლო წლებში, სხვა მეცნიერებთან ერთად, მუშაობდა მილსადენის ავარიის შემთხვევაში ნიადაგის ნავთობით დაჭუჭყიანების პრობლემებზე. არის 8 გამოგონების ავტორი და თანაავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 13 სადოქტორო დისერტაცია. ხ. ა. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამყარებული მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ინ-ტებთან და ცენტრებთან. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 9 საერთაშ. მნიშვნელობის პროექტი. ა.ხ. დაჯილდოვებულია საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელითა და ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: Хантадзе, А. (1973). Некоторые вопросы динамики проводящей атмосферы, Тб., Мецниереба; Хантадзе, А.Г.; Гвелесиани, А. И. (1979). К теории диффузии ионосферной плазмы в области F , отв. ред. Н. П. Бенькова; Kharadze, Z.S.; and Kobaladze, Z.L. (1988). On the Alfen-Type Planetary Waves in the Ionosphere, in Investigation of Dynamical Processes in the Upper Atmosphere. Gidrometeoizdat, M., 110; Хантадзе, А.Г.; Гвелесиани, А.И.; Джандиери, Г.В. (2007). Малые колебания верхней атмосферы Земли. Радиофизика и радиоастрономия, т. 12, № 3, стр. 261-277.
ლიტ. არასდროს ჩაქრებიან „ხანთაძის ტალღები. არჩილ ხანთაძის ხსოვნას. გაზ. „თბილისი უნივერსიტეტი“, (2019)13 ნოემბერი, # 13 (2094), გვ. 15; ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., დავითაია ე., დონაძე ც., ელიზბარაშვილი ნ., ლაღიძე ლ., მაჭავარიანი ლ., მგალობლიშვილი ქ., ნანობაშვილი თ., ნიკოლაიშვილი დ., სალუქვაძე ე., სართანია დ., სეფერთელაძე ზ., ტრაპაიძე ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი გამოსაცემად მოამზადეს ნანა მჟავიამ და დალი ნიკოლაიშვილმა, უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.