კეშელავა თენგიზ გიორგის ძე (1930, თბილისი - 9.VIII.2013), ირანისტი, დიპლომატი, ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1959). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირან. ფილოლოგიის სპეციალობით (1953) და სწავლა განაგრძო სსრკ-ის მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სადეყ ჰედაიათის მხატვრული პროზა“ (1958). მუშაობდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სპარს. ფილოლოგიის კათედრის უფრ. მასწავლებლად (1958-62) და ირან. ფილოლოგიის კათედრის დოცენტად (1962-2006). იმყოფებოდა ირანში დიპლომატიურ სამსახურში: იყო ირანში საბჭ. კავშირის საელჩოს პირველი მდივანი (1970-1975). კ.თ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს თანამედროვე სპარსულ მწერლობას, სპარსულ-ქართულ და სპარსულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს, თანამედროვე სპარს. ლიტერატურის თარგმანებს. იგი ორმოცდაათზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიისა და მხატვრული თარგმანების ავტორია. კ.თ.-ის ნაშრომი „წერილები თანამედროვე სპარსულ ლიტერატურაზე“ (1982) ქართულ ირანისტიკაში პირველი წიგნია, რ-იც თანამედროვე სპარსულ ლიტერატურას მიეძღვნა. მასში გაერთიანებული წერილები ეხება არა მარტო თანამედროვე სპარს. პროზისა და პოეზიის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და თავისებურებებს, არამედ აცოცხლებს XX სს. ირანის ლიტ. ცხოვრების ფართო სურათს. გარდა სამეცნ. მოღვაწეობისა, კ.თ. აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან ქართველ მკითხველს გააცნო თანამედროვე სპარს. პროზის არაერთი შედევრი, განსაკუთრებით XX სს. სპარს. პროზის დიდოსტატის სადეყ ჰედაიათის თხზულებები. ჰედაიათის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში გაერთიანდა კ.თ.-ს როგორც თარგმანები, ისე ვრცელი გამოკვლევა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. კ.თ. ქართულ ირანისტიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლითა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით.
თხზ.: Кешелава, Т. (1958). Художественная проза Садека Хедаята. Изд. Заря Востока; კეშელავა, თ. (1968). სადეყ ჰედაიათი. პატრიოტი. თბ., გამომც. ნაკადული; კეშელავა, თ. (1969). სადეყ ჰედაიათი. სიცოცხლის წყარო. თბ., გამომც. ნაკადული; კეშელავა, თ. (1970). სადეყ ჰედაიათი. ლალე. თბ., გამომც. მერანი; კეშელავა, თ. (1984). სადეყ ჰედაიათი. ცეცხლთაყვანისმცემელი. თბ., გამომც. საბჭ. საქართველო; კეშელავა, თ. (1990). სადეყ ჰედაიათი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.