კეკელიძე კორნელი სამსონის ძე
კეკელიძე კორნელი სამსონის ძე

კეკელიძე კორნელი სამსონის ძე (30. IV. 1879, სოფ. ტობანიერი — 7. VI. 1962, დაკრძალულია თსუ-ის ეზოში) ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, სას. პირი. საქართვ. მეცნ. აკად. თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941-დან), საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1943-დან). სწავლობდა ქუთაისის ოთხკლასიან სას. სასწავლებელში (1886). ოჯახს უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა და კ.კ.-ს სასწავლებელში დატოვება სკოლის ინსპექტორის, ი. გაფრინდაშვილის, მომავალი პოეტის ვ. გაფრინდაშვილის მამის, მეშვეობით მოხერხდა, რ-იც მომავალ აკადემიკოსს სასწავლებლის ინტერნატში უფასოდ ჩარიცხვაში დაეხმარა. ქუთაისში სწავლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილ. სას. სემინარიაში განაგრძო. დაამთავრა კიევის სას. აკად. (1904). მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში (1905-1906). მონაწილეობდა საეკლ. მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისა და საისტ.-საეთნოგრაფიო საზ-ბის მუშაობაში. იგი ერთ-ერთი მათგანია, რ-მაც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნ. კვლევები მიუძღვნა ძვ. ქართ. ლიტერატურის ნიმუშებს. მისი პირველი სამეცნ. ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ ჟურნ. „მწყემსში“ (№ 13, 14) დაბეჭდა (1905). გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ (რუს. ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის სამეცნ. ხარისხი. დიდია მისი ღვაწლი თსუ-ის დაარსებაში. გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრას (1918-დან). იგი იყო სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის დეკანი(1919-1925), სასწ.-სამეცნ. ნაწილის პრორექტორი (1926-1930). ხელმძღვანელობდა თსუ-სთან არსებულ სიძველეთსაცავს (1921—1930), ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედ. ინ-ტის ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრას (1933-1936). განაგებდა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის ინ-ტს (1942-1949).  მისი რედაქციით გამოქვეყნდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი (1948-1954). მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ტექსტოლოგიაში:  გამოსცა ქართ. ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (1918 და 1946). იკვლევდა ქართ.-ბიზანტ., ქართ.-სპარს. ლიტერატურის ურთიერთობებს, ძვ. ქართ. ლიტერატურისა და ხალხ. სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. დიდი ამაგი დასდო ქართ. ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძვ. ქართ. დამწერლობის, ქართ. წელთაღრიცხვისა და კალენდრის, ძვ. ქართ. სტამბისა და ქართ. წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძვ. ქართ. ლიტ-რაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. კ.კ.-ს ჰყავდა ვაჟი ალექსანდრე, რ–მაც დააარსა იატაქვეშა გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ (1924). ორგანიზაცია ერთ-ერთმა წევრმა გასცა და ა. კეკელიძე დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე. კ.კ.-მ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. ჩეკისტებმა იგი დააპატიმრეს, დაკითხვების შედეგად დარწმუნდნენ, რომ კ.კ.-ს ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა და გაათავისუფლეს.

თხზ.: კეკელიძე, კ. (1952). ძველი ქართული მწერლობის ისტორია. უნ–ტის გამ-ბა.