კეკელია ჯანსუღ (ჯანო)
კეკელია ჯანსუღ (ჯანო)

კეკელია ჯანსუღ (ჯანო)იოსების ძე (14. II. 1935, თბილ. – 25. IX. 2013, თბილისი), კარტოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი(1996), საქართვ. კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი (1999-2013). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1961). გაიარა ასპირანტურის კურსი (1964-1967). მუშაობდა სამხ. ტოპოგრაფიულ ფაბრიკაში, თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის  გეომორფოლოგიის კათედრის ტექნიკოს-კარტოგრაფად და ასისტენტად (1962-1973), კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრაზე ჯერ დოცენტად (1973-1996), შემდეგ პროფესორად (1996-2006). იყო თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1976-1977). შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური კვლევის მეთოდების განყ-ბის გამგედ (1996-დან). ამ განყ-ბაში მომზადდა და გამოიცა ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი (1997) და აჭარის ავტონ. რესპუბლიკის ატლასი. დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „აღმოსავლეთ-ცენტრალური ეკონომიკური რაიონის მოსახლეობასა და განსახლების ეკონომიკურ-გეოგრაფიული ანალიზი რაიონული დაგეგმარების მიზნებისათვის“ (1971), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „კარტოსემიოტიკა“ (1995). კ. ჯ.-ს გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნ. ნაშრომი, რომლებიც ეძღვნება კარტოგრაფიულ ნიშანთა ზოგადი თეორიის (კარტოსემიოტიკის), კარტოგრაფიის ენის ცნებობრივ-ტერმინოლოგიური სისტემის კვლევას. ფართოდ იკვლევდა საქართვ. ტერიტორიისა და საზღვრების ისტორიულ ცვლილებებს. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიაში. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თსუ-ში გეოდეზიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში, კარტომეტრიაში. კ. ჯ. იყო საერთაშ. კარტოგრაფიული ასოციაციის „თეორიული კარტოგრაფიის მიჯნები და ცნებები“ კომისიის მუშა ჯგუფის წევრი.

თხზ.: კეკელია, ჯ. (1977). საველე პრაქტიკა ტოპოგრაფიაში. მეთოდური მითითებანი,  უნ-ტის გამ-ბა; კეკელია ჯ. (1985). კარტომეტრია. უმაღლ. სასწ. სტუდენტებისათვის. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; კეკელია, ჯ. (1996). საქართველოს ტერიტორია და საზღვრები,  სამხედრო კარტოგრაფიული ფაბრიკა; კეკეკლია, ჯ. (1998). კარტოსემიოტიკა. კარტოგრაფიულ ნიშანთა თეორიის ზოგადი საკითხები; კეკელია, ჯ. (თანაავტორი), (2004). საქართველოს ტერიტორია და დასახლებული პუნქტები: (კარტომეტრიული ანალიზი). საქართ. მეცნ. აკად., გეოგრ. ინ-ტი.

ლიტ.: ბოლაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი,  უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640; ბერუჩაშვილი, ნ. (თანაავტორი). (1998).  კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრა თსუ; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.