ქებურია დავით მიხეილის ძე
ქებურია დავით მიხეილის ძე

ქებურია დავით მიხეილის ძე (10. I. 1928, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის რაიონი-03. VII. 2003, თბილისი, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში), ფილოსოფოსი, მეცნიერი, ლოგიკოსი, თსუ-ის პედაგოგი, ლექტორი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, საქართვ. ფილოს. მეცნ. აკად. აკადემიკოსი.  ქ. ზუგდიდის I საშ. სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ჩაირიცხა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე (1944). სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო სამეცნ. მუშაობაში, იყო ნ. ბარათაშვილის სახ. სტიპენდიატი, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნ. წრეებს. მისი ერთ-ერთი მოხსენება სტუდენტთა სამეცნ. კონფერენციაზე („არსებისა და მოვლენის დიალექტიკისათვის“) ჯილდოთი აღინიშნა (თსუ სტუდენტთა სამეცნ. შრომების კრებ., ტ.V, 1950). მისი პედაგოგები იყვნენ: შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, პ. შარია, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ლ. გოკიელი, ა. ქუთელია, პ. გუჯაბიძე და სხვ. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1949), თსუ-ის ასპირანტურა (1952), დატოვებული იქნა სამუშაოდ თსუ-ის ფილოსოფიის კათედრაზე, სადაც კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში უნ-ტის სხვადასხვა ფაკ-ტზე (1952-1959). თანაავტორის სტატუსით მონაწილეობდა უმაღლ. სკოლისათვის ფილოსოფიის პირველი ქართ. სახელმძღვანელოების მომზადებაში (1955-1957). აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ცნების კონკრეტულობის შესახებ“ (1953). დისერტაციის მთავარი ოფიციალური ოპონენტი იყო გამოჩენილი ქართვ. ფილოსოფოსი შ. ნუცუბიძე, რ-მაც უმაღლ. შეფასება მისცა სადისერტაციო ნაშრომს. ქ. დ.-მა ფილოსოფიის დარგში ძირითად სპეციალობად თავიდანვე აირჩია დიალექტიკური ლოგიკა. უკვე ასპირანტობის პერიოდში გამოაქვეყნა შრომა „ლოგიკის საგნის განსაზღვრისათვის“ (1951), რ-იც წარმოდგენილი იყო დიალექტ. ლოგიკის საგნისა და არსების თავისებური გაგება, რომლის გაშლა-განვითარებას მიეძღვნა მისი შემდგომი სამეცნ. კვლევა-ძიება. ქ. დ. მუშაობა გააგრძელა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1959-1973); წარადგინა სადოქტორო დისერტაცია „მსჯელობის თეორიის საკითხები“ (1965), რომლის თეორ. შინაარსი გამოქვეყნდა ორ მონოგრაფიად, რომელთა ძირითადი მიზანია მსჯელობის არსების განსაზღვრა, მისი სტრუქტურისა და შინაგანი დიალექტიკის გამორკვევა. დისერტაცია დაიცვა ქ. ალმა-ატაში და მიენიჭა ფილოს. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1975). მუშაობდა საზ-ებრივ მეცნ. დარგში სამეცნ. ინფორმაციის ცენტრში, საზღვარგარეთული ლიტ-რის თარგმნისა და რეფერირების განყ-ების ხელმძღვ. (1973-2000); აქ მისი ავტორობით, თანაავტორობითა და რედაქციით გამოვიდა 60-ზე მეტი რეფერატული სამეცნ.-საინფორმაციო კრებ. და ბიბლიოგრაფია ფილოსოფიის დარგში უცხოური და სამამულო ლიტ-რის შესახებ. ბოლოს, აგრძელებდა მუშაობას ამავე ცენტრის ბაზაზე შექმნილი საქართვ. მეცნ. აკადემიის პოლიტოლოგიის ინ-ტის სამეცნ. ინფორმაციის განყ-ების გამგედ (2000-2003). არჩეულ იქნა საქართვ. ფილოს. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსად (1996); იყო ონტოლოგიის, გნოსეოლოგიისა და ლოგიკის განყ-ების აკადემიკოს-მდივანი (1996-2003). მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა აკადემიის კრებ. „ფილოსოფიური ძიებანის“ 7 ტომი (1997-2002). ქ. დ.-ის დიალექტ. ლოგიკის დარგში გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის, სამი მონოგრაფია. ამ ნაშრომებში ავტორი ცდილობს დაამუშაოს და წარმოადგინოს დიალექტ. ლოგიკის გარკვეული მთლიანი თეორ. კონცეპცია.

თხზ.: Кебурия Д. (1968). Вопросы теории суждения. Тб.: Мецниереба; ქებურია, დ. (1967). ცნების თეორიის საკითხები. თბ., მეცნიერება; ქებურია, დ. (1979). მსჯელობის თეორიის საკითხები. თბ., მეცნიერება;

ქებურია, დ. (1997). დიალექტიკური ლოგიკა ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში. ფილოსოფიური ძიებანი, ტ. 1, გვ. 119-135; ქებურია, დ. (1998). მეცნიერება, როგორც ლოგიკური განვითარება. ფილოსოფიური ძიებანი, ტ. 2, გვ. 66-81; ქებურია, დ. (1999). საგნის ზოგად-ფილოსოფიური თეორიის საკითხისათვის, ფილოსოფიური ძიებანი, ტ. 3, გვ. 18-34; ქებურია, დ. (2000). დიალექტიკური ლოგიკა, როგორც საგნის დიალექტიკის ასახვა, ფილოსოფიური ძიებანი, ტ. 4, გვ. 52-68; ქებურია, დ. (2001). ჰეგელის ლოგიკური მეთოდის გაგებისათვის, ფილოსოფიური ძიებანი, ტ.5, გვ. 39-49; ქებურია, დ. (2002). ჰეგელის ლოგიკური მეთოდის გაგებისათვის: (წერილი 2), ფილოსოფიური ძიებანი, ტ. 6, გვ. 61-75; ქებურია, დ. (2003). გლობალიზაციის არსის გაგებისათვის, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,  N 11-12. გვ. 35-37.

 ლიტ.: ქებურია დავით. ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი (2004). ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, გვ. 165.