ქავთარაძე გიორგი მიხეილის ძე
ქავთარაძე გიორგი მიხეილის ძე

ქავთარაძე გიორ მიხეილის ძე (12.III.1861, თბილ.–15.VII.1941, თბილ.), ტოპოგრაფ-გეოდეზისტი, მთამსვლელი, სამხედრო პირი. პირველი თანრიგის დიპლომით დაამთავრა პეტერბურგის ტოპოგრ. (გეოდეზიური) სასწავლებელი (1883). მუშაობდა კავკასიის სამხ. ოლქის ტოპოგრაფიულ განყ-ბაში ტოპოგრ. აგეგმვების მწარმოებლად (1883-დან), შემდეგ საქართვ. რესპუბლიკის სამხ. სამინისტროს ტოპოგრაფიულ განყ-ბაში (1918-1920), სამხ. სამინისტროს განსაკუთრებული განყ-ბის უფროსად და სამხ. სამინისტროს კანცელარიის უფროსად (1918-1921), თსუ-ში გეოგრ. განყ-ბაში (1919-1941). შეთავსებით მუშაობდა საქართვ. კარტოგრაფიულ ინ-ტში (1924-1932). იყო I მსოფლიო ომის მონაწილე (1914-1918) და მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება (1917). ქ. გ.-მ კავკასიის სხვადასხვა რეგიონში განახორციელა სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიულ-გეოდ. აგეგმვები (როგორც ხელმძღვანელმა ან უშუალო მონაწილემ): კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე – სტავროპოლსა და დაღესტანს შორის (1883-1900), მდ. თერგის დელტაზე (1901-1902), ყუბანის ოლქში (1903-1918), ყირიმში – ქ. ევპატორიის მიდამოებში, აგრეთვე კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მამისონის გადასასვლელსა და ღვანდრას შორის, ყარსის ოლქში (1901-1902), შავი ზღვის სანაპიროზე, სპარსეთისა და თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში (1903-1918). ქ. გ.-ს დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. ალპინიზმის დაფუძნებაში. მან მონაწილეობა მიიღო ცენტრ. კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარე მ. უილთაფას (4648მ) ალპინისტურ დაპყრობაში (27. VII. 1891). პირველი ქართვ. მთამსვლელია, რ-მაც ჩაატარა კავკასიონის ზოგიერთი მწვერვალისა და მყინვარის ტოპოგრ. აგეგმვა. ს. ცხაკაიასთან ერთად იგი მონაწილეობდა საქართვ. ტერიტორიის ტოპოგრ. რუკების შედგენაში. ქ. გ. იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი.

თხზ.: კავკასიონზე (1959)., კრებ. თბ.; კობიაშვილი, გ. (1986). ქავთარაძე გიორგი მიხეილის ძექართული ენციკლოპედია, ტომი 10, გვ. 441-442; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 254-255; ISBN 9992806982; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ. ფოტოალბომი, თბ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 4, ISBN 978-9941-13-364-0.