კაციტაძე კახაბერ (კახა) ოთარის ძე
კაციტაძე კახაბერ (კახა) ოთარის ძე

კაციტაძე კახაბერ (კახა) ოთარის ძე (17.IX.1959, თბილისი - 30.I.2012, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1982), ასპირანტურა (1985). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სუბიექტის აქტივობის პრობლემა გერმანულ კლასიკურ იდეალიზმში“ (1986), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ყოფიერება და ენა (ონტოლოგიური ასპექტები)“(1997). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (1986-1992). იყო თსუ-ის ფილოს. ისტორიის კათედრის დოცენტი (1993-2006). სიცოცხლის ბოლომდე სრული პროფესორი (2006-დან). იყო თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ფილოსოფიის ინ-ტის დირექტორი (2007-2009). კ. კ. პარალელურად ეწეოდა სამხ.-სტრატეგიულ მოღვაწეობას: იყო საქართვ. შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი და ხელმძღვანელობდა გენ. შტაბის სამხ. პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის მთავარ სამმართველოს (2000-2004). იყო თავდაცვის ეროვნ. აკადემიის პრორექტორი (2004-2005). თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. კ. კ.-ს სამეცნ. შემოქმედება მოიცავს გერმ. კლასიკური იდეალიზმის, ფენომენოლოგიური ონტოლოგიისა და სამხ. ანთროპოლოგიის საკითხებს. მან გამოიკვლია სუბიექტის აქტივობის პრობლემა ევროპულ ფილოსოფიაში, ს. დოდაშვილის მსოფლმხედველობრივი კავშირები ი. კანტსა და ი. ბ. შადთან. იკვლევდა ყოფიერების, ენისა და ხელის ონტოლოგიურ მიმართებას, გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებსა და ადამიანის, როგორც მეომრის (Homo Militaris), ფენომენს. მისი ნაშრომები გამოირჩევა ორიგინალური სინთეზით კლასიკურ ფილოსოფიურ პრობლემატიკასა და თანამედროვე სტრატეგიულ აზროვნებას შორის.

თხზ.: კაციტაძე, კ. (1996). სუბიექტის აქტივობის პრობლემა XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კაციტაძე, კ. (2001). გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია ევროპაში. თბ., კავკასიური სახლი, ISBN:999283224X; კაციტაძე, კ. (2007). სტრატეგიის საფუძვლები.თბ., არეტე, ISBN:9789994090112; კაციტაძე, კ. (2011). Homo Militaris, ადამიანი-მეომარი, ტ. 1. თბ., უნივერსალი, ISBN:9789941038303; კაციტაძე, კ. (2014). სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN:9789941070310.