კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრა
კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრა

კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრა. კარტოგრაფიისა და გეოდეზიის განვითარების ისტორია თსუ-ში იწყება თსუს დაარსების პერიოდიდან, როცა სამათემატიკო და საბუნებისმტყველო ფაკ-ტზე მუშაობას იწყებენ (1918-1924) შესაბამისი პროფილის სპეციალისტები: ანდრია ბენაშვილი (1867-1941), გიორგი ქავთარაძე (1861-1941), მიხეილ ქავთარაძე (1892-1974), სერგი ცხაკაია (1880-1966), გრიგოლ ხუნჯუა (1895-1983). პროფესორთა საბჭოს ოქმიდან ირკვევა, რომ თსუ-ში არსებობდა მხაზველის თანამდებობა, რ-იც შემდგომ კარტოგრაფის თანამდებობით შეიცვალა (1921, ოქმი № 36, 30.XII). თსუ-ში ახლად დაარსებულ გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე (1934), ფიზ.-გეოგრ. კათედრის ბაზაზე, ჩამოყალიბდა ტოპოგრაფია-გეოდეზიის კათედრა (1936), რომლის პირველი გამგე გახდა დოც. სერგი ცხაკაია (1880-1966). მას დიდი გამოცდილება ჰქონდა ტოპოგრ. პროფილის სამუშაოების წარმოებაში. სწორედ ეს გამოცდილება გამოიყენა სერგი ცხაკაიამ, როდესაც მუშაობა დაიწყო აღნიშნულ კათედრაზე და დღეს სამართლიანად ითვლება იგი თანამედროვე ქართ. კარტოგრაფიის ფუძემდებლად. ამ პერიოდში ალ. ჯავახიშვილისა და ს. ცხაკაიას ძალისხმევით, იწყება კავკასიის და საქართვ. ტერიტ.-იის ამსახველი სხვადასხვა მასშტაბის ზოგადგეოგრ. და თემატური რუკების (ჰიფსომეტრიული, ოროგრაფიული, მინერალურ სიმდიდრეთა, მცენარეულობის, პოლიტიკური და ადმინისტრაციული) მომზადება და გამოცემა. ტოპოგრაფია-გეოდეზიის კათედრა, კარტოგრაფია-გეოდეზიის კაბინეტის (1943-1972) სტატუსით, შეუერთდა გეომორფოლოგიის კათედრას, რომელსაც აკად. ალექსანდრე ჯავახიშვილი (1875-1973) ხელმძღვანელობდა. მეტად ნაყოფიერი იყო კათედრის თანამშრომელთა მოღვაწეობის ეს პერიოდი. ქართულ ენაზე გამოიცა სახელმძღვანელოები კარტოგრაფიასა და გეოდეზიაში: სერგი ცხაკაიას „რუკათმცოდნეობა ტოპოგრაფიის საფუძვლებით“ (1946), „კარტოგრაფია“ (1962) და გრიგოლ ხუნჯუას „გეოდეზია“ (1957, 1964) და სხვ. კარტოგრაფია-გეოდეზიის კაბინეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ტოპოგრაფია-გეოდეზიის კათედრა (მოგვიანებით კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრა), რომლის გამგე გახდა გეოგრ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე ასლანიკაშვილი (1916-1981)-მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, შემდგომში პროფესორი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979). მისი ხელმძღვანელობით თსუ-ში ჩატარდა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის V საკავშირო კონფერენცია თემატურ კარტოგრაფიაში (1973) და საკავშ. გეოგრ. საზ-ბის V1 ყრილობა (1975). ამან ხელი შეუწყო კათედრის საერთაშ. კავშირების გაფართოებას. ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად ალექსანდრე ასლანიკაშვილმა დაამუშავა საქართვ. კომპლექსურ-გეოგრ. ატლასის პროგრამა. ატლასში ჩართულია სხვადასხვა მასშტაბის 170-ზე მეტი რუკა (გამოიცა 1964 წ., ქართულ და რუსულ ენებზე). ატლასის შემქმნელ კოლექტივს-ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის თანამშრომლებს, ალ. ასლანკაშვილთან ერთად, საქართვ. სახელმწ. პრემია მიენიჭა. ტოპოგრაფიულ რუკებზე დაყრდნობით მანვე დაამუშავა ბლოკდიაგრამების აგების მეთოდიკა. კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის ახალი პერიოდი იწყება მას შემდეგ, რაც გამგე გახდა პროფ. ნიკოლოზ ბერუჩაშვილი (1947-2006). მისი ინიციატივით კათედრა კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრად გადაკეთდა (1992-2006). დაიწყო ახ. ტექნოლოგიების-გეოინფორმატიკისა და დინამიკური კარტოგრაფიის დანერგვა გეოგრაფიის სწავლებასა და გეოგრაფიულ კვლევებში. ამ პერიოდს უკავშირდება კათედრის ახალი საერთაშ. კავშირების გაფართოება, სამეცნ. და საველე-სასწ. ექსპედიციების მოწყობა საქართვ. და მსოფლიო სხვადასხვა კუთხეში. ნიკო ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი საერთაშ. და ადგილ. პროექტი. ჩატარდა საკავშ. მნიშვნელობის რამდენიმე სემინარი (1985, 1987, 1989, 1991). კათედრას ჰყავდა ასპირანტები და სტაჟიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბულგარეთი, გდრ, გფრ, კუბა, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, ყოფ. სსრკ  და სხვ.). ამ პერიოდში კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის კათედრის თანამშრომლების ავტორობით მრავალი სამეცნ. ნაშრომი და სახელმძღვანელო გამოიცა: ჯ. კეკელიას „კარტომეტრია“ (1985), გ. ლიპარტელიანის „სოციალური და ეკონომიკური კარტოგრაფია“ (1999, 2004) და სხვ. ამასთან კათედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულება იქცა რეგიონული კარტოგრაფირება. დოც. გულიკო ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით კარტოგრაფიის სპეციალიზაციის სტუდენტებმა შეადგინეს საქართვ. ადმ. რ-ნების (ახმეტის, გურჯაანის, დუშეთის, თეთრი წყაროს, მცხეთის, ონის, სიღნაღის და სხვ.) არაერთი ატლასი. ტარდებოდა სტუდენტთა სასწ.-საწარმოო პრაქტიკები უნ-ტებში, კარტოგრაფიულ ფაბრიკებსა და აეროგეოდეზიურ წარმოებაში (ხელ-ები: იოსებ ქართველიშვილი, გულიკო ლიპარტელიანი. ვლადიმერ ბუაჩიძე). ამით სტუდენტები არა მარტო ინვითარებდნენ რუკათშექმნის საწარმოო უნარებს, არამედ ავლენდენ საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებსაც. ასევე ტარდებოდა სტუდენტთა საველე პრაქტიკა გეოდეზიაში (ხელ-ები: გრიგოლ ხუნჯუა, ჯანსუღ კეკელია, თენგიზ გორდეზიანი). კათედრაზე სხვადასხვა პერიოდში პედ. და სამეცნ. საქმიანობას ეწეოდნენ აგრეთვე დოცენტები: ვერა ჭეიშვილი, როსტომ ჩეკურიშვილი, რამინ გობეჯიშვილი, მასწავლებელი ციალა ბექურაიძე, უფრ. ლაბორანტები ქეთევან ქოჩლაძე, ნელი კოტარია და სხვანი. თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგ. ფაკ-ტის კათედრების (გეომორფოლოგიის, კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის) ბაზაზე შეიქმნა კარტოგრაფია-გეომორფოლოგიის კათედრა (2006), რომლის გამგე გახდა პროფ. დალი ნიკოლაიშვილი.

ლიტ.: კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრა (1998). თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN 9994051849; გაიპარაშვილი, ზ. (2006). პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926. თბ.; ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ალბომი, მიძღვნილი თსუ-ის გეოგრაფიის მუზუმის 55 წლის იუბილესადმი. თბ.: უნ-ტის გამ-ბა, 2015;  ISBN 9789941133640.