კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე
კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე

კარიჭაშვილი  დავით გიორგის ძე,  ფსევდონიმი-დეკანოზიძე ( 1862, სოფ. ხიდისთავი, ახანდელი გორის მუნიციპალიტეტი-26 ივლისი, 1927, თბილისი), ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი. დაამთავრა გორის სას. სასწ. (1876); თბილ. სას. სემინარია (1882); სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტის ისტ.- ფილოლ. ფაკ-ტზე, მაგრამ გამწვავებული პოლიტ.  ვითარების გამო სწავლა განაგრძო პარიზში, სორბონის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტზე. სამშობლოში  დაბრუნების (1885) შემდეგ იყო  ფრანგ. ენის მასწავლებლი; ასწავლიდა მშობლიურ ენასა და ისტორიას  თბილ.  ქართ. გიმნაზიაში; თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“;  იყო ამ საზ-ების გამგეობის მდივანი (1892-1899 წლებში); ქართ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918);  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ბ-კა-მუზეუმის გამგე (1920 წლიდან, მისი წყალობით გადარჩა ამ საზ-ების ფონდი);  თბილ.  უნ-ტთან არსებული სიძველეთა მუზეუმის საცავის მცველი (1921-1927); ქართ.  ჟურნ.-გაზ. იბეჭდებოდა მისი მოთხრ., გამოკვლევები, კრიტ. პუბლიც. წერილები (1885). იგი დიდი რუდუნებით იკვლევდა საქართვ. წარსულს. მას  ეკუთვნის ისტ. ნაშრომები და გამოკვლევები: თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, ბაგრატ III-ზე , დავით კურაპალატზე,  „ქართველები უძველეს დროში“, „ქართული წიგნის ისტორია“, „ხუცური ანბანი“ და სხვა. არანაკლებ საინტერესოა მისი ნაშრომები ძვ. ქართ. ლიტ-რის ძეგლებზე: „ვარდბულბულიანი“, „იოსებ ზილიხანიანი“, „იონა ხელაშვილი“, „შუშანიკის წამება, — მისი ავტორი, დაწერის დრო“ და სხვა. იკვლევდა „ვეფხისტყაოსანსაც“. რუსთველოლოგიის თანამედროვე დონის მიუხედავად, მკვლევარის რამდენიმე ნაშრომი ამ დარგში, დღესაც ანგარიშგასაწევია. იყო კირიონ II-ს მიერ შექმნილი სპეც. კომისიის წევრი (გრიგოლ დიასამიძესთან და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად), რ-საც დავალებული ჰქონდა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: კარიჭაშვილი, დ. (1886). საქებართა ქებანი: წერილი პირველი. ტფ.; კარიჭაშვილი, დ. (1887). სამი მსხვერპლი: მოთხრობა. თბ.; კარიჭაშვილი, დ. (1892). თამარ მეფე: (1184-1213). ტფ.; კარიჭაშვილი, დ. (1894). სვიმონ მეფე: (1557-1600). ტფ.; კარიჭაშვილი, დ. (1902). საქართველო მეთორმეტე საუკუნეში: (სურათებით). ტფ.; კარიჭაშვილი, დ. (1907). საქართველოს მოკლე ისტორია. ტფ.
ლიტ.: ჯანაშია, ს. (1971). დავით კარიჭაშვილი. ქართული ისტორიოგრაფია: კრ. №2, თბ., გვ. 136-140; ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 207; კარიჭაშვილი, ლ. (2001). დავით კარიჭაშვილი-რუსთველოლოგი: (მისი ღვაწლი 1903 და 1920 წლების "ვეფხისტყაოსნის" გამოცემაში და სხვ. მეცნ. გამოკვლევები). მაცნე: ენისა და ლიტერატურის სერია, საქ. მეცნ. აკადემია, N1-4, გვ. 49-56; კარიჭაშვილი, ლ. (2002). დავით კარიჭაშვილი-რედაქტორ-გამომცემელი და ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიკოსი. მწიგნობარი, N2, გვ.120-136.